ალფრედ ტეიერ მეჰენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალფრედ ტეიერ მეჰენი

ალფრედ ტეიერ მეჰენი (ინგლ. Alfred Thayer Mahan; დ. 27 სექტემბერი, 1840, ვესტ-პოინტი, ნიუ-იორკი — გ. 1 დეკემბერი, 1914, კუოგი, ნიუ-იორკი) — ამერიკელი სამხედრო-საზღვაო თეორეტიკოსი და ისტორიკოსი, კონტრ-ადმირალი (1906), გეოპოლიტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ისტორია[რედაქტირება]

ადმირალ ალფრედ ტეიერ მეჰენის სახელობის აშშ–ს საზღვაო–სამხედრო აკადემია. სამხრეთის ფასადი

დაამთავრა ამერიკის სამხედრო–საზღვაო აკადემია (1859), მონაწილეობდა 1861—1865 წლების სამოქალაქო ომში ჩრდილოეთის მხარეს. 1886—1888 და 1892—1893 იყო ნიუ-პორტის სამხედრო–საზღვაო კოლეჯის პრეზიდენტი. 1893—1895 წლებში ხელმძღვანელობდა კრეისერ „Chicago“–ს, ხოლო 1896 წლიდან თადარიგშია.

ესპანეთ–ამერიკის ომის დროს 1898 წელს ის არის საზღვაო სტრატეგიის კომიტეტის წევრი, ხოლო 1899 წელს ამერიკის დელეგაციის წევრი ჰააგის კონფერენციაზე.

ავტორია დიდი ფაქტობრივი მასალის შემცველი შრომების, რომელებმაც საფუძველი ჩაუყარა ზღვის ბრძოლების კანონზომიერებას. ინგლისელ სამხედრო-საზღვაო თეორეტიკოს და ისტორიკოს კოლომბოსთან ერთად საფუძველი ჩაუყარა „საზღვაო ძალების“ თეორიას (ინგლ. Sea Power). თეორიის თანახმად, ზღვაზე გაბატონება მიიჩნეოდა ომის მთავარ პირობად და მტერზე გამარჯვების უზრუნველყოფად, რაც განაპირობებდა მსოფლიო ბატონობას.

თეორია[რედაქტირება]

თეორიის ძირითადი შინაარსი გაანალიზებულია „საზღვაო ძალების“ სერიაში, განსაკუთრებით მის პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომშიː „საზღვაო ძალების გავლენა 1660–1783 წლების ისტორიაზე“, რომელიც გამოიცა 1890 წელს, ყველა წიგნის სტრუქტურა მსგავსიაː დასაწყისში ჩამოყალიბებულია რომელიმე პრინციპი და შემდგომ თავებში მიმდინარეობს მისი დამამატკიცებელი ისტორიული მასალის განხილვა.

აფრების ეპოქის ინგლისის წარმატებებზე დაყრდნობით, მეჰენმა გაანალიზა ინგლისის გამარჯვების მიზეზები და განაცხადა ამ მიზეზების აუცილებელი საჭიროებისა და საკმარისობის შესახებ.

მეჰენის პრინციპები[რედაქტირება]

  • ზღვა ბარიერი არ არის. ყველა ვინც განიხილავს ზღვას, როგორც მეზობლებისგან იზოლირების საშუალებას, ბოლოსდაბოლოს, მიდის დასკვნამდე, რომ მეზობელმა ზღვა თავის სამსახურში ჩააყენა. ეს ნიშნავს, რომ იზოლაციონიზმის პოლიტიკა მუდმივად კრახით დასრულდება, რადგან იზოლაციონისტი ხედავს, რომ მან ზღვის ყველანაირი უპირატესობა ნებაყოფლობით დაუთმო თავის მეზობელს.
  • ზღვის ფლობა წყვეტს საქმეს. მეჰენის აზრით, პუნიკური ომებიდან დაწყებული, ის, ვინც ფლობდა ზღვას შეეძლო არა მარტო შეენარჩუნებინა გამარჯვება, არამედ ესარგებლა მისი სიმდიდრით და როგორც უმაღლესი მიზანი – შეექმნა სიცოცხლისუნარიანი მსოფლიო იმპერია. ამის შესანიშნავი მაგალითებია ჰანიბალი, ალექსანდრე მაკედონელი, ნაპოლეონ ბონაპარტი, რომლებიც, მიუხედავად მათი სამხედრო ნიჭიერებისა, ვერ მიხვდნენ რა, ზღვის ფლობის საჭიროებას და უპირატესობას, ვერ შეინარჩუნეს უზარმაზარი იმპერიები.
  • საზღვაო ძალა — გზა ზღვის ფლობისკენ. მეჰენის აზრით, ის მდგომარეობს ზღვის თავისუფლად გამოყენებაში და მოწინააღმდეგისათვის მისი გამოყენების შეზღუდვაში. ორივე ამოცანის წარმატება დამოკიდებულია ძლიერი ფლოტის, ასევე, სავაჭრო ფლოტის არსებობაზეც.
  • საზღვაო ძალის საფუძველი ხმელეთზე. მისი აუცილებელი შემადგენელია როგორც ეკონომიკის მხარდამჭერი ფლოტი, მათი ბაზები, დასახლებები და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიები. ამასთან, კერძოდ, შეერთებული შტატების მუდმივი აქტიურობა საზღვაო ძალების დაუფლების აუცილებლობისათვის, მათ შორის ორ ოკეანეს შორის ურთიერთობისათვის პანამის არხით (მაშინ ჯერ კიდევ არარსებული).
  • საკუთარი სანაპიროების დაცვა მოწინააღმდეგის სანაპიროებიდან იწყება. ეს ნიშნავს გადამწყვეტი ბრძოლის დაწყებას და ომისათვის გლობალური ხასიათის მინიჭებას.
  • „დიდი ბრძოლის“ მნიშვნელობა. ომის ბედი წყდება გადამწყვეტი ბრძოლით.
  • მეორეხარისხოვანი საკრეისერო ომი. ეს არის ომი ვაჭრობის წინააღმდეგ.

მეჰენის დასკვნები[რედაქტირება]

  • ომის არსი მდგომარეობს ზღვაზე გაბატონებაში
  • ძირითადი ყურადღება გადატანილი უნდა იყოს სახაზო ფლოტზე, რომელიც თავის მხრივ ესწრაფვის გაანადგუროს მოწინააღმდეგის სახაზო ფლოტი ერთ გენერალურ ბრძოლაში. მეჰენის აზრით, ტრაფალგარის ბრძოლამ დასაწყისშივე გადაწყვიტა ნაპოლეონის ომების ბედი.
  • საზღვაო ძალა უნდა იყოს დიდი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. ესე იგი, აუცილებელია ხელისუფლების გააზრებული, თანმიმდევრული ძალისხმევა მიზნის მისაღწევად, როგორც ომის დროს, ისე ომამდე პერიოდში.
  • თუ საზღვაო ბატონობა გარანტირებული გაქვს (ჩათვალე, რომ მოწინააღმდეგის სახაზო გემები განადგურებულია), მაშინ საუკეთესო ვაჭრობაც გარანტირებული გაქვს.

გავლენა სამხედრო–საზღვაო პოლიტიკაზე[რედაქტირება]

მეჰენის თეორიამ სწრაფად ჰპოვა გამოძახილი მსოფლიოში. მას ძალიან ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა, ამასთან, ხელისუფლების მაღალ ეშელონებში. ვიქტორიანულ ინგლისში ეს თეორია გახდა მომავალი სამხედრო–საზღვაო ბრძოლის ოფიციალური თვალსაზრისი. გერმანია, რომელიც სწრაფად იარაღდებოდა პირველი მსოფლიო ომის წინ, ასევე, იზიარებდა მეჰენის შეხედულებებს. განსაკუთრებით, მისი გავლენიანი მიმდევრები იყვნენ გერმანიის სამხედრო მინისტრი ალფრედ ფონ ტირპიცი და კაიზერი – ვილჰელმ II. ერთადერთი განსხვავება ინგლისელთა შეხედულებებისაგან იყო იმ ფაქტის აღიარება, რომ გერმანია იმყოფებოდა მდევარი ქვეყნის როლში, ამიტომ უნდა ეჩქარა გენერალური ბრძოლისათვის გაეხლიჩა ინგლისური ფლოტი, რომ შემდგომ ნაწილ–ნაწილ გაენადგურებინა მთლიანად. მხოლოდ მას შემდეგ, რაც იუტლანდიის ბრძოლამ არ მოიტანა სასურველი შედეგი, გერმანიამ რადიკალურად შეცვალა საზღვაო სტრატეგია. აშშ–ში მისი ყველაზე ცნობილი მომხრე იყო პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი, რომელიც პირადად იცნობდა მეჰენს სამხედრო–საზღვაო კოლეჯის ლექციებით. მეჰენის ორი "შვილობილი" – პანამის არხი და დიდი თეთრი ფლოტი – მის შეხედულებებთან სრული შესაბამისობით შეიქმნა. ამავე შეხედულებებს იზიარებდნენ იტალიის, იაპონიის უმაღლესი სამხედრო წრეები და თვით საბჭოთა კავშირის მაშინდელი ხელმძღვანელი სტალინიც. ომისშემდგომ წლებში სტალინმა ბრძანება გასცა აეგოთ ფლოტი ე.წ. გეგმა „5-25-250“, რომლის განხორციელება მისი გარდაცვალების შემდეგ შეწყდა.

სამეცნიერო მემკვიდრეობა[რედაქტირება]

მეჰენის თეორიამ წარმოშვა მრავალი მიმდევარი. მისი გამოქვეყნებს დღიდან არ წყდებოდა მცდელობები, მოერგოთ ის თანამედროვე პირობებიათვის. თუმცა ორი მსოფლიო ომის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ პრინციპები „დიდი ბრძოლა“ და „მეორეხარისხოვანი საკრეისერო ბრძოლა“ ჩავარდა, შესაბამისი კვლევები მაინც გრძელდება. ამის მიზეზია სურვილი იმისა, რომ შეიქმნას თანმიმდევრული მწყობრი თეორია და რთული მოვლენები აიხსნას მარტივი მიზეზებით. მეჰენის პრინციპებისა და დასკვნების ნაწილი დარჩა აქტუალური დღესაც მაშინ, როდესაც სხვები მოძველდნენ მთლიანად ან ნაწილობრივ.

მეჰენის შრომების სია[რედაქტირება]

  • პროექტი გუტენბერგი
  • The Gulf and Inland Waters. The Navy in the Civil War. (1883) (ინგლ.)
  • The Influence of Sea Power Upon History, 1660−1783. (1890) (ინგლ.)
  • Admiral Farragut. (1892) (ინგლ.)
  • The Interest of America in Sea Power, Present and Future. (1890−1897) (ინგლ.)
  • The Life of Nelson: The Embodiment of the Sea Power of Great Britain. (1897) (ინგლ.)
  • Story of the War in South Africa 1899−1900. (1900) (ინგლ.)
  • Types of Naval Officers Drawn from the History of the British Navy. (1893−1901) (ინგლ.)
  • Sea Power in its Relations to the War of 1812. (1905) (ინგლ.)
  • From Sail to Steam, Recollections of Naval Life. (1906) (ინგლ.)
  • The Major Operations of the Navies in the War of American Independence. (1913) (ინგლ.)

აგრეთვეː

  • Lessons of the War with Spain: And Other Articles. (1899) (ინგლ.)
  • The Influence of Sea Power Upon the French Revolution, 1793−1812. (1905) (ინგლ.)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]