ალკმეონი (მითოლოგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალკმეონი.

ალკმეონი (ბერძ. Ἀλκμαίων) — ერთ-ერთი ეპიგონთაგანი, ერიფილესა და ამფიარაოსის ვაჟი, „შვიდნი თებეს წინააღმდეგ“ ლაშქრობის მონაწილე, გამარჯვების შემდეგ დაბრუნებულმა ალკმეონმა მოკლა თავისი დედა (როგორც მამის დაღუპვაში დამნაშავე). ალკმეონს აედევნენ ერინიები და მოსვენებას არ აძლევდნენ. სამისნომ აუხსნა მას, რომ ერინიები მხოლოდ იმ ქვეყანაში დაეხსნებიან, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს არ არსებობდა. ასეთ ადგილად გამოდგა იმ ხანებში მდინარის ფსკერიდან ამოწეული კუნძული. ალკმეონი დასახლდა იქ, ცოლად შეირთო მდინარის ღვთაების ქალიშვილი კალიროე და შეეძინა ვაჟები: აკარნანი და ამფოტეროსი. ბოლოს ალკმეონმა დატოვა კუნძული, რათა მამის ქონება დაებრუნებინა, მაგრამ გზაში მოკლეს. თებეში არსებობდა ალკმეონის ტაძარი. ალკმეონის მითი გახდა მრავალი ჩვენამდის მოუღწეველი ტრაგედიის წყარო.