ალკასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ალკისნაირნი)
ალკასებრნი

ალკა (Alca torda)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Alcidae (Leach, 1820)

ალკასებრნი[1][2] (ლათ. Alcidae) — ფრინველების ოჯახი მეჭვავიასნაირთა რიგისა. ადრე შედიოდა ცალკეულ რიგში — ალკისნაირნი/ალკასნაირნი[1] (Alciformes ან Alcae). 10–11 გვარი 24–25 სახეობას აერთიანებს.[3][4] მათი სხეულის სიგრძეა 15-50 სმ, წონა — 100-1200 გრამი. ალკისნაირთა სამი თითი ერთიმეორეს საცურავი აპკით უკავშირდება, უკანა თითი კი პატარაა. მამალსა და დედალს ერთნაირი შეფერილობა აქვს. ალკისნაირნი უმთავრესად ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ცივ და ზომიერ სარტყელში ბინადრობენ და მკაფიოდ გამოხატული ზღვის ფრინველები არიან — კარგად დაცურავენ და ყვინთავენ (10 მ სიღრმემდე). წყალქვეშ ფრთებით მოძრაობენ („წყალქვეშა ფრენა“). ცხოვრობენ კოლონიებად: თოლიებთან ერთად ქმნიან ე. წ. „ფრინველების ბაზრებს“. დებენ 1-2 კვერცხს. ინკუბაციური პერიოდი 24-25 დღეა. მართვეთა გამოკვებაში მონაწილეობს მამალიც. ალკისნაირნი იკვებებიან პატარა თევზებითა და ზღვის უხერხემლო ცხოველებით (კიბოსნაირებით, ჭიებით, მოლუსკებით). საკვების ძებნისას ისინი ზოგჯერ 18-20 კმ შორდებიან სანაპიროს. აღსანიშნავია ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ სანაპიროზე (ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა) გავრცელებული ალკა (Alca torda), რომელიც ზამთრობით ხმელთაშუა ზღვის ნაპირამდეც აღწევს. ზოგიერთ რაიონში ალკისნაირნთ სარეწაო მნიშვნელობა აქვთ, იყენებენ მათ კვერცხს, ხორცს, ბუმბულსა და გერმას.

კლასიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 98, 183.
  2. Alcidae — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  3. ალკასებრნი (TSN 176967). ინტეგრაციული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა.
  4. Семейство Alcidae დაარქივებული 2013-12-05 საიტზე Wayback Machine. в Списке птиц мира Международного союза орнитологов (IOC World Bird List version 3.3)