ალექსანდრე II (კახეთის მეფე)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალექსანდრე II.
ალექსანდრე II
Kakheti-Aleksandri II.gif
კახეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1574
მმართ. დასასრული: 1605
წინამორბედი: ლევანი
მემკვიდრე: დავით I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1527
გარდ. თარიღი: 1605
გარდ. ადგილი: ძეგამი
მეუღლე: თინათინ ამილახვარი,
თამარი[1]
შვილები: 1.ერეკლე
2.დავით I
3.გიორგი
4.კონსტანტინე I
5.როსტომი
6.ანა
7.ნესტან-დარეჯანი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ლევანი
დედა: თინათინ გურიელი

ალექსანდრე II (დ. 1527 — გ. 1605), კახეთის მეფე 1574-1605. ლევან მეფის ძე. მის მეფობაში განსაკუთრებით განვითარდა სოფლის მეურნეობა, აღორძინდა ქალაქები (გრემი, ძეგამი). კახეთის სამეფოს ალექსანდრე II-ს დროს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა აზიისა და ევროპის ბევრ ქვეყანასთან (კახეთიდან უცხოეთში გაჰქონდათ დიდძალი აბრეშუმი, ღვინო, ენდრო, კაკალი), ალექსანდრე II რთულ პოლიტიკურ ვითარებაში მოღვაწეობდა. თავდაპირველად იარნის ვასალად აღიარებდა თავს, ხოლო 1578-იდან ოსმალეთის მოხარკე გახდა. ოსმალეთს არ აკმაყოფილებდა კახეთის ვასალური დამოკიდებულება და კახეთზე თავდასასხმელად აქეზებდა სამხალის ქვეშევრდომ მთიელებს, რომლებიც დიდ ზიანს აყენებდნენ ქვეყანას. შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ალექსანდრე II რუსეთთან კავშირში ხედავდა. 1587 გაფორმდა ხელშეკრულება რუსეთ-საქართველოს კავშირის შესახებ. 1589 ალექსანდრე II-მ რუსეთის მეფისაგან მიიღო მფარველობის ოფიციალური დადასტურება — "წყალობის სიგელი".

რუსეთ-კახეთის დაახლოება არ მოსწონდა ირანის შაჰს აბას I-ს, მაგრამ იმხანად ოსმალეთთან ბრძოლაში რუსეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდა და მტრობას არ ამჟღავნებდა, თუმცა ფარულად კახეთზე გადამწყვეტ თავდასხმას ამზადებდა და ოსტატურად აღვივებდა ინტრიგას ალექსანდრე II-ის კარზე. 1601 ოქტომბერში ალექსანდრე II შვილმა, დავითმა, აიძულა ბერად აღკვეცილიყო და თავი კახეთის მეფედ გამოაცხადა. 1 წლის შემდეგ, 1602 წლის 2 ოქტომბერს, დავითი მოულოდნელად გარდაიცვალა და ალექსანდრე II ტახტს დაუბრუნდა.

1603 ნოემბერში შაჰ-აბასი ერევნის ციხეს შემოადგა და ქართლ-კახეთის მეფეები დაიბარა. ალექსანდრე II დიდხანს ყოყმანობდა და მხოლოდ 1604 აპრილში ეახლა შაჰს, შაჰმა იგი უკან 1605 დააბრუნა, შირვანზე გალაშქრება დაავალა და ყიზილბაშთა ჯარით თან გამოაყოლა მისი გამაჰმადიანებული შვილი, შაჰის კარზე გაზრდილი კონსტანტინე-მირზა.

კახეთში ჩასულმა ალექსანდრე II-მ შეიტყო რუსეთის ჯარის შამხალზე სალაშქროდ წამოსვლა. რუსეთის ელჩები (მ. ტატიშვილი, ა. ივანოვი) ამ ლაშქრობაში კახეთის ჩაბმას მოითხოვდნენ. ამის გამო, მიუხედავად კონსტანტინე-მირზას დაჟინებული მოთხოვნისა, ალექსანდრე II შირვანზე გალაშქრებას არ ჩქარობდა. 1605 წლის 12 მარტს ქ. ძეგამში, მეფის სასახლეში მოლაპარაკების დროს ყიზილბაშებმა კონსტანტინე-მირზას ბრძანებით დახოცეს ალექსანდრე II, გიორგი ბატონიშვილი და თათბირის დამსწრე კახელი დარბაისელები.

ურთიერთობა რუსეთთან[რედაქტირება]

ოსმალეთის იმპერია და რუსეთი კავკასიაში უკვე XVI საუკუნის შუაწლებში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. რუსეთ-ოსმალეთის ურთიერთობა განსაკუთრებით გამწვავადა, ამავე საუკუნის ორმოციან წლებში. როდესაც ოსმალეთმა კავკასიაში გასაბატონებლად ჩრდილოეთ კავკასიის დაუფლებაც სცადა. ამ პერიოდში განახლდა რუსეთ-კახეთის ურთიერთობები.

ოსმალეთთან მეტოქეობაში რუსეთი იმიერ და ამეიერ კავკასიაში მოკავშირეებს ეძებდა. რუსეთის წარმომადგენლებმა აღადგინეს კახეთთან ურთიერთობები რომლებიც 1570-იან წლებში გაწყდა.

1585 წელს რუსეთის მეფე თეოდორემ ალექსანდრე კახთა მეფეს თავისი ელჩის, დანილოვის სახით სიგელი გამოუგზავნა. რუსეთის მეფე კავშირსა და მფარველობას სთავაზობდა კახეთს. მაშინდელ ვითარებაში ალექსანდრე II-ს ეს ყველაფერი საუკეთესოდ ეჩვენა. სწორედ ამ პერიოდში ხდებოდა ჩრდილო კავკასიელების თავდასხმები კახეთზე. ალექსანდრეს მიაჩნდა რომ რუსეთი ამ ყველაფრის მოგვარებაში დაეხმარებოდა. მეფემ დარბაისლებთან მოითათბირა და დანილოვს საპასუხო ელჩობა გააყოლა.

1586 წლის 9 ოქტომბერს ალექსანდრეს ელჩები მეფე თეოდორეს წარუდგნენ. კახეთის მეფე რუსეთის მეფისგან მფარველობას ითხოვდა. ეს მფარველობა შემდგომში უნდა გამოხატულიყო. რუსეთს კახეთი ყველა მტრისგან უნდა დაეცვა, რუსეთს მდინარე თერგზე ციხესიმაგრეები უნდა აეგო და უნდა გაეხსნა კახეთისკენ მიმავალი გზა რომელიც დაღესტანზე გადიოდა. ალექსანდრე II-ის წინადადება რუსეთში ხელსაყრელად ეჩვენათ.

1587 წელს ალექსანდრე მეფემ თავისი შვილებით და დარბაისლებით ფიცი დადო რუსეთის მეფის ერთგულებაზე, 1589 წელს კი რუსეთის მეფემ მას წყალობის სიგელი გამოუგზავნა, სადაც დადასტურებული იყო როგორც „ხელდების“, ისე „მფარველის“ უფლება-მოვალეობანი.

რუსეთთან ასეთი დაახლოების გამო ალექსანდრე II-ს ურთიერთობები გაუფუჭდა ოსმალეთთან და ირანთან. ალექსანდრე რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას სთხოვდა. რუსეის ჯარმა დაღესტანის დამორჩილება ვერ შეძლო, შესაბამისად ვერ გაიხსნა თერგ-კახეთის გზა. 1604 წელს რუსეთის მეფემ საგანგებო რაზმი გამოგზავნა რომელსაც დაღესტანი უნდა დაეპყრო. რაზმმა მხოლოდ დაღესტანის ჩრდილოეთი ნაწილი დაიმორჩილა, ისიც დროებით. ამიერიდან რუსეთ-კახეთის ურთიერთობა კარგა ხნით შეწყდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი ნ., რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XV-XVIIსაუკუნეთა მიჯნაზე, მის წგნ.:საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ.: 4, თბ., 1967;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ.: 4 თბ., 1967;
  • ასათიანი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 292, თბ., 1975 წელი.
  • ს.ჯანაშია და ნ.ბერძენიშვილი., საქართველოს ისტორია, წგნ. 2, თბ., გამომცემლობა „მეცნიერება“;

სქოლიო[რედაქტირება]

  1. პირთა ანოტირებული ლექსიკონი, ტ. I, თბ., 1991, გვ. 221
წინამორბედი:
ლევანი
კახეთის მეფე
1574 - 1605
შემდეგი:
დავით I
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: