ალექსანდრე ჭავჭავაძე (გენერალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე ჭავჭავაძე
დაბადების თარიღი 4 ივლისი, 1870
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაცვალების თარიღი 1930
გარდაცვალების ადგილი თბილისი
კუთვნილება რუსეთის იმპერია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
წოდება გენერალი
ბრძოლები/ომები პირველი მსოფლიო ომი

ალექსანდრე ჭავჭავაძე (დ. 4 ივლისი 1870 — გ. 1931) — თავადი, ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთისა და საქართველოს არმიების გენერალ-მაიორი. დახვრიტეს სტალინური რეპრესიების დროს.

დაიბადა თბილისში, გენერალ ზაქარია ჭავჭავაძის ოჯახში. მისი პაპა იყო გულბაათ ჭავჭავაძე. დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის პაჟთა კორპუსი და 1889-1905 წწ. მსახურობდა მთავარ შტაბში. 1905 წელს დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის ადიუტანტად. პირველ მსოფლიო ომს პოდპოლკოვნიკის ჩინით შეხვდა. 1914 წ. აგვისტოში ჩააბარეს ჩერქეზული პოლკი, რომელიც „ველურ დივიზიად“ წოდებულ კავკასიის მკვიდრთა ცხენოსან დივიზიაში შედიოდა. თავი გამოიჩინა საბრძოლო მოქმედებების დროს და მიენიჭა იმპერიის არაერთი ორდენი. 1917 წ. თებერვლის რევოლუციის შემდეგ, რუსეთის დროებითმა მთავრობამ გენერალ-მაიორის წოდება უბოძა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების (1918 წ. მაისი) შემდეგ, ჭავჭავაძე ეროვნულ არმიაში მსახურობდა. 1921 წ. საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ სამხედრო სამსახურიდან გადადგა. ხელმძღვანელობდა „თეთრი გიორგის“ საქართველოში მოქმედ ერთ-ერთ ჯგუფს. არაერთხელ იყო დაპატიმრებული ბოლშევიკური რეჟიმის მიერ. 1930 წ. თებერვალში კვლავ დააპატიმრეს „კონტრრევოლუციური მიზნებით შეიარაღებული აჯანყების“ ბრალდებით და მალე დახვრიტეს.

ალ. ჭავჭავაძის ვაჟმა, პავლემ (1899-1971), მოახერხა ემიგრაციაში წასვლა. მან ცოლად შეირთო იმპერატორ ნიკოლოზ I-ს შვილთაშვილი, დიდ მთავარ გიორგი მიხეილის ძე რომანოვის ასული ნინა რომანოვა (1901-1974). 1927 წელს ისინი ლონდონიდან აშშ-ში გადასახლდნენ. პავლეს ვაჟია აშშ დაზვერვის გადამდგარი ოფიცერი და ისტორიკოსი დავით ჭავჭავაძე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]