ალექსანდრე ჩხეიძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრე ჩხეიძე (ინგ: Alexandre Chkheidze) ცნობილია, როგორც Aleksander Czcheidze (პოლონურად), მოღვაწეობდა 1874 – 1939 წლებში და მსახურობდა პოლონეთსა და საქართველოში. ის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ძალებში მსახურობდა, როგორც პოლკოვნიკი პირველი მსოფლიო ომის[1] შემდგომ პერიოდში.

დაიბადა ქუთაისის გუბერნიაში 1873 წლის 5 ივლისს. სამხედრო განათლება მიიღო თბილისის კადეტთა სასწავლებელში (დაასრულა 1892 წელს) და 01.09.1892 - 07.08.1893 სწავლობდა მოსკოვში, ალექსანდროვის მესამე სამხედრო სასწავლებელში.

პორუჩიკის ჩინით დაინიშნა რუსეთის იმპერიის სამეგრელოს მე-16 ქვეით პოლკში.

13.04.1894 წელს დაინიშნა პოლკის დაზვერვის უფროსად. იყო კარგი მსროლელი და შეჯიბრებების მრავალგზის გამარჯვებული.

05.03.1897- პოლკის შეიარაღების უფროსი.

01.01.1908 - 01.01.1909 შტაბს კაპიტანი და თბილისის იუნკერთა სასწავლებლის უმცროსი ოფიცერი. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში.

06.12.1915-09.04.1917 პოლკოვნიკის ჩინით იბრძოდა თბილისის მე-15-ე ქვეით პოლკში ჩრდილო-დასავლეთ ფრონტზე. მასწავლებლად იყო მივლინებული თბილისის სამხედრო სასწავლებლის პროპორშიკთა სკოლაში.

11.1917 წლიდან მსახურობდა ამიერკავკასიის ფედერაციის არმიის ქართულ კორპუსში. ნაცვალთა (უნტერ ოფიცერთა) კურსების დამაარსებელი და მეთაური.

20.08.1918 - ინიშნება ქართული სამხედრო სკოლის უფროსის თანაშემწედ.

02-05.1919 - ისლამისტების აჯანყების გამო სკოლის ოფიცრები გაიწვიეს ახალციხის ფრონტზე, ჩხეიძე ხდება ბორჯომის და შემდეგ ახალციხე-აწყურის ხაზის მეთაური.

08.1919 - სამხედრო სკოლის უფროსად ინიშნება გენერალი კვინიტაძე, ხოლო მის თანაშემწედ ჩხეიძე, რომელიც მართალია დაიწუნა მთავრობის კომისიამ, მაგრამ კვინიტაძის დაჟინებული მოთხოვნით შეინარჩუნა პოსტი. გარდა სხვა ამოცანებისა, ჩხეიძეს ებარა კადრების შერჩევა სკოლისთვის. სწორი ფილტრაციის შედეგად კურსანტები იმდენად გამოირჩეოდნენ სხვა დანაყოფებისგან, რომ ერთმა რუსმა ოფიცერმა ჩხეიძეს უთხრა: "რუსის პოლკოვნიკმა გამაჩერა ქალაქში და პირდაპირ მითხრა: მე რუსის ოფიცერი ვარ, მაგრამ არ შემიძლია არ გადმოგცეთ ის კმაყოფილება, რომელსაც განვიცდი თქვენი იუნკრების შეხვედრის დროს. დიდი ხანია ჩემს გამოცდილ თვალებს არ უნახავს ასეთი ყოჩაღები ... ქალაქის მცხოვრებნიც, მართალია დაშორებულნი არიან სამხედრო საქმეს, მაგრამ ჯარისკაცის გარჩევის უნარი იმათაც შესწევთ. 1914 წლის შემდეგ აღარ ენახათ ნამდვილი სანიმუშო ჯარისკაცი და როდესაც ერთ მშვენიერ ღვინობისთვის დღეს ჩვენი ხელიდან ქალაქში 90 იუნკერი გამოვიდა, შთაბეჭდილება იყო სრული ... ქალაქში ყველამ შეამჩნია რაღაც სამხედრო ნაწილი, რომელიც მეტად ირჩევა სხვა სამხედრო ნაწილებისაგან. ოფიცრებმა შეამჩნიეს ვიღაც მხედრები, რომლებიც სალამს ასე ბეჯითად, სწრაფად და სანიმუშოდ იძლევიან. ყოველი მათგანი, ამ მოვლენით გაკვირვებული, იძულებული იყო შეჩერებულიყო, თვალი გაედევნებინდა და გულში გაეფიქრა კი მაგრამ, ვინ არიან ესენი? ... ჩვენ იუნკრებს მიაქციეს ყურადღება, აგრეთვე საფრანგეთისა და ინგლისის სამხედრო წარმომადგენლებმა. ყველა დაინტერესებული იყო, ყველა კითხულობდა: ვინ არიან? ვინ არიან? და იღებდნენ პასუხს: ესენი ქართული სამხედრო სკოლის იუნკრები გახლავან! ქართული ჯარის სილამაზე და სიამაყე! ლაშქრის მომავალი ფუძე და ქვაკუთხედი".

02.05.1920 - აქტიურად მონაწილეობდა კომუნისტების თავდასხმის მოგერიებაში სამხედრო სკოლაზე, შეტაკებაში პირადად მოკლა რამდენიმე თავდამსხმელი.

16-19.05.1920 - ალექსანდრე ჩხეიძე დაინიშნა რუსეთის წითელი არმიის შემოჭრილ დანაყოფებთან საბრძოლველად შექმნილ "სადახლოს საარმიო ჯგუფი"-ს უფროსად. სამხედრო სკოლის დანაყოფების გარდა მის განკარგულებაში გადავიდნენ 1-ლი ქვეითი, მე-7 და მე-5 ქვეითი ათასეულები, მაიორ მახარაძის ბატარეა, მაიორ იოსელიანის ბატარეა და ცხენოსანთა პოლკის ორი ესკადრონი მაიორ დოლიძის მეთაურობით. ჯგუფმა მიიღო გენერალ კვინიტაძის ბრძანება შემოევლო რუსების მარცხენა ფრთისთვის და მიეტანა იერიში ფლანგიდან, მაგრამ მთავრობის სამშვიდობო ინიციატივამ შეაჩერა დაწყებული მანევრი. ივლისში სკოლის პირადი შემადგენლობა თბილისში დაბრუნდა.

07.1920 - სამხედრო სკოლის დანაყოფებმა ჩხეიძის მეთაურობით ალყაში მოაქციეს კომუნისტების აგიტაციის გამო აჯანყებული, ლაგოდეხში მდგარი მე-6 ათასეულის ცალკეული დანაყოფები და აიძულეს მათ იარაღის დაყრა, აგიტატორები კი დააპატიმრეს.

17.02.1921 - სკოლის პირადი შემადგენლობა (120 იუნკერი და 350 კაცი ნაცვალი, არტილერისტი და კავალერია) სკოლის უფროს ალექსანდრე ჩხეიძის მეთაურობით რუსთაველის პროსპექტის გავლით დაიძრა კოჯორ-ტაბახმელას მიმართულებით რუსეთის წითელ არმიასთან საბრძოლველად ... გენერალი იგონებდა: "მე რამდენიმეჯერ თვალი გადავავლე იუნკრებს, მივაცქერდი მათ სახეებს: გამომეტყველება ჰქონდათ ღრმა და დინჯი. მათი გულისყური შეეპყრო ერთ საგანს. ყველა გრძნობდა, რომ ეს არ იქნება მხოლოდ ჩვეულებრივი ბრძოლა, არამედ ბრძოლა სამკვდრო-სასიცოცხლო. სამხედრო სკოლის განწყობილება ჰგავდა იმ კაცის განწყობილებას, რომელმაც გადაწყვიტა იაფად არ გაყიდოს თავისი სიცოცხლე".

20-24.02.1921 - სამხედრო სკოლის დანაყოფებმა ჩხეიძის მეთაურობით მოიგერიეს წითელი არმიის მრავალგზის აღმატებული ნაწილების ყველა შეტევა. კრიტიკულ სიტუაციაში მყოფი გენერალი ანდრონიკაშვილი აპირებდა უკან დახევას, მაგრამ ჩხეიძემ გადააფიქრებინა და შეინარჩუნა ყველა პოზიცია.

1921 წლიდან ემიგრაციაში, ცხოვრობდა თურქეთში, ქალაქ სტამბოლში. 1922 წელს გადავიდა პოლონეთში. 11.1922 - 02.1923 - ასწავლიდა პოლკის მეთაურთა კურსებზე პოლონეთის სამხედრო სასწავლებელში. სამხედრო სკოლაში კურირებდა ქართველ ოფიცრებს.

1924-1926 - სამხედრო სკოლის და 16-ე ქვეითი დივიზიის ინსტრუქტორი.

11.03.1927-31.05.1931 - პოზნანის მე-14 ქვეითი დივიზიის მეთაური. კონტრაქტის დასრულებამდე (31.08.1931) იმყოფებოდა მე-7-ე კორპუსის შტაბის განკარგულებაში. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ცხოვრობდა ქალაქ ლვოვში. 1939 წელს წითელი არმიის მიერ პოლონეთის ოკუპაციის დროს დააპატიმრა ნკვდ-მ როგორც "ხალხის მტერი". იმყოფებოდა ლვოვის ციხეში.

06.1940 გადაიყვანეს კიევის ციხეში და წაუყენეს შემდეგი ბრალდება: "საქართველოს არმიაში სამსახური, წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლა, ვარშავის ქართული კომიტეტის წევრობა და პოლონეთის არმიაში სამსახური". ამავე წლის 16 დეკემბერს გადაიწყვანეს მოსკოვში.

სავარაუდოდ 1941 წლის ზამთარში დახვრიტეს ნკვდ-ს სამეულის ბრძანებით.

წყაროები[რედაქტირება]

  1. ლევან ზ.ურუშაძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921). 2009.10.25.