ალექსანდრე ბერიძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბერიძე.

ალექსანდრე ლონგინოზის ძე ბერიძე (დ. 1858, თბილისი ― გ. 1917, ვლადიკავკაზი) — ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი, ახალი ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში და თბილისის "ხელოვნების წამახალისებელ საზოგადოებასთან" არსებულ სამხატვრო სკოლაში (1971-1877); იყო ლენინგრადის სამხატვრო აკადემიის (1877-1878, 1881-1882) თავისუფალი მსმენელი. 1879-1880 და 1883-1885 ცხოვრობდა იტალიაში, მუშაობდა ქ. ნეაპოლის სამეფო სამხატვრო სასწავლებელში. იტალიაში დაეუფლა გრაფიკის ხელოვნებას. საქართველოში აგზავნიდა ილუსტრირებულ ფურცლებს "ხმა იტალიიდან", რომლებსაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დიდი ტირაჟით ბეჭდავდა. ფურცლებზე გამოსახული იყო იტალიის ხედები, იტალიელთა, მ. შ. ჯიზეპე გარიბალდის, პორტრეტები. 1885 წელს დაბრუნდა სამშობლოში. თანამშრომლობდა ჟურნალებში "კვალი" და "თეატრი". ჟურნალ "თეატრში" აქვეყნებდა გამოჩენილი ქართველ მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების პორტრეტებს. 1886 წელს დახატა ფარდა "არტისტული წრის" თეატრისათვის, შექმნა ესკიზები თეატრალური დადგმებისათვის, 900-იანი წლების დასაწყისში შემოქმედებით-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ბათუმში. 1906 წელს გადასახლდა ვლადიკავკაზში, სადაც გარდაცვალებამდე კადეტთა კორპუსში ასწავლიდა ხატვას. ბერიძის შემოქმედებაში აღსანიშნავია ორი პერიოდი. პირველი პერიოდის (1881-1885) ნამუშევრებია "რ. გველესიანის პორტრეტი" (1881), "მოღიმარი მოხუცი" (1881), "ქალის პორტრეტი", "უცნობი მოხუცის პორტრეტი" (1882). ეს ტილოები შესრულებულია თავისუფალი ფერწერული მანერით და ფსიქოლოგიური ხასიათისაა, მათში გახსნილია გმირთა შინაგანი ბუნება. მეორე პერიოდის ნამუშევრებში ასახულია გლეხური ყოფის თემატიკა: "სალამურიანი ბიჭი" (1892), "სალამურზე დამკვრელი" (1895), "წინდის მქსოველი გოგო" (1892), "მწყემსი ბიჭი" და სხვა. ამ ნამუშევრებში ნათლად ჩანს ბავშვების დიდი სიყვარული და ფაქიზი დამოკიდებულება ნატურისადმი, მაგრამ ფერწერის მხრივ ისინი შედარებით მშრალია. ბერიძის ყველა სურათი ინახება საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • მასხარაშვილი გ., ქსე, ტ. 2, გვ. 322, თბ., 1977