ალექსანდრა ფოცხვერაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფოცხვერაშვილი.

ალექსანდრა მელიტონის ასული კელენჯერიძე-ფოცხვერაშვილი (დ. 6 მაისი, 1900, ქუთაისი — გ. 3 თებერვალი, 1986, თბილისი) — ქართველი ხალხური მუსიკის მოამაგე, რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღიზარდა მწერლისა და კრიტიკოსის მელიტონ კელენჯერიძის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის ქალთა გიმნაზია. შემდეგ სწავლობდა თბილისის საოპერო სტუდიაში. 1921 წელს მოღვაწეობა დაიწყო როგორც მომღერალმა აკადემიურ გუნდში, რომლის დამააარსებელიდა სამხატვრო ხელმძღვანელი მისი მეუღლე იყო. 1933 წელს ალექსანდრა ფოცხვერაშვილმა ჩამოაყალიბა მეჩონგურეთა ქალთა ანსამბლი. მან კომპოზიტორ ი. დუნაევსკის თხოვნით მოსკოვის სახელმწიფო აკადემიურ გუნდში ჩამოაყალიბა მეჩონგურე ქალთა კოლექტივი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა თვითმოქმედი ანსამბლები ბათუმში, ხაშურში, გორში და რესპუბლიკის სხვა ქალაქებში. დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 212, თბ., 1994