ალადინი (1992 წლის ფილმი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალადინი
რეჟისორი რონ კლემენტსი
ჯონ მასკერი
პროდიუსერი რონ კლემენტსი
ჯონ მასკერი
ნაწარმოები ალადინი და ჯადოსნური ლამპარი (ათას ერთი ღამე)
მთხრობელი რობინ უილიამსი
კომპოზიტორი ალან მენკენი
ჰოვარდ ეშმენი
ტიმ რაისი
მონტაჟი მარკ ა. ჰესტერი
ჰ. ლი პიტერსონი
სტუდია Walt Disney Feature Animation
დისტრიბუტორი Walt Disney Pictures
Buena Vista Pictures
პრემიერა
  • ნოემბერი 25, 1992 (1992-11-25)
ხანგრძლივობა 90 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა თარგი:ინგლისური ენა
ბიუჯეტი 28,000,000 $
შემოსავალი 504,050,219 $
შემდეგი: ჯაფარის დაბრუნება
IMDb პროფილი

ალადინი (ინგლ. Aladdin) — 1992 წლის კომპანიის უოლტ დისნეი მიერ გადაღებული და კომპანიის Walt Disney Pictures მიერ წარმოდგენილი ანიმაციური ფილმი. ეს არის დისნეის კომპანიის რიგით 31ე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. იგი ეფუძნება ალადინისა და მისი ჯადოსნური ლამპარის ცნობილ ზღაპარს, ათას ერთი ღამიდან. რამდენიმე პერსონაჟი ამ ვერსიიდან აღებულია ბაღდადელი ქურდიდან (1940). ისტორიის სიუჟეტი ოდნავ შეცვლილია - თუკი ორიგინალურ ნაწარმოებში მოქმედების მთავარი ადგილია ჩინეთი, აქ მისი ადგილი არაბულ ქალაქს, აგრაბას უკავია.

ფილმი გამოვიდა დისნეის კომპანიისათვის საკმაოდ ნაყოფიერ პერიოდში, დისნეის რენესანსის ერთგვარი დაბრუნებისას. ალადინი იყო 1992 წლის ყველაზე წარმატებული ფილმი, რომელმაც მის შემქმნელებს მხოლოდ ამერიკაში მოუტანა 217 მილიონი აშშ დოლარი., ხოლო მსოფლიო მასშტაბით - 504 მილიონი.

ფილმის რეჟისორები არიან ჯონ მასკერი და რონ კლემენტსი. ორივე მათგანის წარსულ მიღწევებში უკვე ირიცხებოდა 1989 წლის წარმატებული პატარა ქალთევზა. მუსიკალურ მხარეზე იზრუნა ალან მენკენმა, ცნობილმა კომპოზიტორმა, რომელიც უკვე მჭიდროდ თანამშრომლობდა დისნეის კომპანიასთან. ფილმი გაახმოვანეს საკმაოდ ცნობილმა მსახიობებმა, მაგრამ ყველაზე მეტად აღსანიშნავია ჯინი, რომელიც რობინ უილიამსის ხელში დისნეის კომპანიის ერთ-ერთ საუკეთესო პერსონაჟად იქცა, მისი იუმორის გამო. აღსანიშნავია, რომ ცნობილი ადამიანის ასეთ პროექტზე მოწვევას მოჰყვა სხვა ანიმაციური ფილმებისათვის სხვა ცნობილი ადამიანების მოწვევა.

„ალადინს“ ასევე მოჰყვა ორი გაგრძელება - „ჯაფარის დაბრუნება“ (1994) და „ალადინი და ქურდების მეფე“ (1996), მაგრამ ყველაზე პოპულარული სხვა გაგრძელებებიდან იყო ანიმაციური სერიალი, რომლის მოქმედებაც მიმდინარეობს ზემოაღნიშნულ ორ გაგრძელებას შორის.

სიუჟეტი[რედაქტირება]

ფილმი იწყება კადრში ვაჭრის გამოჩენით. იგი მღერის პირველ სიმღერას არაბული ღამეები. ვაჭარი გვთავაზობს რამდენიმე ჯადოსნურ ნივთს, მაგრამ საბოლოოდ წარმოგვიდგენს ჯადოსნურ ლამპარს, რომელმაც მისი თქმით, შეცვალა ერთი ადამიანის სიცოცხლე.

ბნელი ღამით უდაბნოში ჩნდება ბოროტი ჯაფარი, სულთნის დიდი ვეზირი, რომელიც ცდილობს საოცრებათა გამოქვაბულში შესვლას. მაგრამ ეს შეუძლებელია - ჯაფარი და მისი მოლაპარაკე თუთიყუში იაგო შეიტყობენ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის ამის ღირსი.

ჯასმინი სულთნის მშვენიერი ქალიშვილია, რომელსაც მამა სთავაზობს გათხოვებას. მაგრამ ჯასმინი უარყოფს ყოველ პრინცს. მას ნამდვილი სიყვარული სჭირდება. იგი ტოვებს სასახლის კედლებს, რათა თავისი თვალით ნახოს, როგორ ცხოვრობს მისი ხალხი. იგი ხვდება ქუჩის მაწანწალა ალადინსა და მის მაიმუმ აბუს. მათ ერთი დანახვით უყვარდებათ ერთმანეთი. ჯაფარი კი ამასობაშ მოძებნის ალადინს - რომელიც სწორედ გამოქვაბულში მოხვედრის ღირსია - და მეფის რამდენიმე მსახურს გააგზავნის მის დასაჭერად. ჯასმინს აბრუნებენ სასახლეში. ჯასმინი სთხოვს ჯაფარს, გაანთავისუფლოს ალადინი, მაგრამ ჯაფარი ატყუებს და ეუბნება, რომ ალადინი მოკვდა.

მოხუც ადამიანად გადაქცეული ჯაფარი გაიყვანს ალადინს ციხიდან და მიიყვანს გამოქვაბულთან. იგი მას სთხოვს ერთადერთი ჯადოსნური ლამპარის მოტანას, მაგრამ ასევე აფრთხილებს, რომ არ შეიძლება სხვა რამის აღება. მიუხედავად ამისა, ალადინი იღებს მფრინავ ხალიჩასაც, ხოლო აბუ ცდილობს რუბინის მოპარვას. ჯადოსნური გამოქვაბული იწყებს ნგრევას. მის შესასვლელში ჯაფარი მაინც ართმევს ალადინს ლამპარს, მაგრამ აბუ მას იპარავს. გამოქვაბულის შესასვლელი ინგრევა.

გონს მოსული ალადინი აღმოაჩენს, რომ ლამპარში ცხოვრობს მხიარული ჯინი, რომელიც ალადინს სამი სურვილის შესრულებას სთავაზობს. ალადინი აიძულებს მას, გაანთავისუფლოს ყველა ამ გამოქვაბულიდან, ისე რომ არ იყენეს პირველი სურვილის შესაძლებლობას. ამასობაში ჯაფარი ცდილობს სულთნის მოტყუებას და აიძულებს მას, ჯასმინზე დააქორწინოს, რათა მთელი სამეფო მას დარჩეს.

ალადინი შეიტყობს, რომ ჯინის ერთადერთი სურვილია ლამპარისგან განთავისუფლება და ჰპირდება მას, რომ ეს იქნება მისი მესამე სურვილი. გახარებული ჯინი აუსრულებს ალადინს პირველ სურვილს - აქცევს მდიდარ პრინცად, რომელსაც დიდი სიმდიდრე აქვს. იგი შედის აგრაბაში და მიდის სულთანთან. სულთანი შთაბეჭდილების ქვეშ არის, მაგრამ ჯასმინს პრინცი ალი (როგორც ალადინი საკუთარ თავს უწოდებს) არ მოსწონს. მოგვიანებით ალადინი ჯასმინთან იპარება და მფრინავი ხალიჩით ისინი მთელ მსოფლიოს შემოიფრენენ. ჯასმინი ხვდება, რომ ეს ალადინია, რომელიც მან გაიცნო ქუჩაში და მან იგი მოატყუა. ალადინი კვლავ იტყუება და ეუბნება, რომ იგი ასევე ხოლმე იმოსება, როგორც ჩვეულებრივი მაცხოვრებელი და დადის ქუჩაში. ჯასმინს სჯერავს მისი.

ღამით ჯაფარის მოგზავნილი მსახურები იჭერენ ალადინს, ბორკილებს ადებენ და აგდებენ ზღვაში. ლამპარი, რომელიც მის ტურბანშია დამალული, ეცემა მის ხელში და ალადინი იყენებს მეორე სურვილს. ჯინი ათავისუფლებს მას და აბრუნებს სასახლეში. იქ ალადინი აღმოაჩენს, თუ რა გეგმები აქვს ჯაფარს. სულთანი მაინც თვლის, რომ მეფე ალადინი უნდა გახდეს. გამოდის, რომ ალადინმა უნდა გამოიყენოს უკანასკნელი სურვილი, სინამდვილეში კი მას სურს, რომ ამ სურვილით ჯინი გაათავისუფლოს ლამპარის მონობისგან. ამასობაში იაგო იპარავს ლამპარს და ჯაფარი ხდება მისი ახალი მფლობელი. პირველ სურვილად იგი ირჩევს სულთნად გადაქცევას. მისი მეორე სურვილია დიდ გრძნეულად გადაქცევა. ამის შემდეგ იგი ალადინს ქვეყნის გადაკარგულში მოისვრის.

მფრინავი ხალიჩის დახმარებით ალადინი ბრუნდება აგრაბაში. იქ ჯაფარს დატყვევებული ჰყავს ჯინიც, ჯასმინიც, სულთანიც და მისი მსახურებიც. თავდაპირველად ჯასმინი უარზეა, შემდეგ კი ამჩნევს ალადინს, რომელიც იპარება დარბაზში, რათა დაიბრუნოს ლამპარი. ჯასმინი მოულოდნელად ცვლის გადაწყვეტილებას და კოცნითაც ასაჩუქრებს ჯაფარს, მაგრამ იგი მის ტიარაში ხედავს ალადინის ანარეკლს. ალადინი ებრძვის ჯაფარს, რომელიც იქცევა გიგანტურ კობრად. ჯაფარის უკანასკნელი სურვილია, იქცეს ყველაზე ძლიერ არსებად მთელ მსოფლიოში. ალადინი ეუბნება, რომ ყველაზე ძლიერი ჯინია. ამიტომაც ჯაფარს სურს ჯინად გადაქცევა. მაგრამ მას ავიწყდება, რომ ჯინმა ლამპარში უნდა იცხოვროს და მისი ახალი, შავი ლამპარი იწოვს მას, იაგოსთან ერთად. ჯინი კი ამ ლამპარს ისვრის საოცრებათა გამოქვაბულში.

ალადინი და ჯასმინი ერთმანეთს ემშვიდობებიან, რადგანაც სულთანმაც იცის, რომ ალადინი არ არის პრინცი. ალადინი მესამე სურვილს ისრულებს და ჯინი თავისუფლდება მონობიდან. მაგრამ, რადგანაც ჯასმინს უყვარს ალადინი, სულთანი გადაწყვიტავს, რომ მას შეუძლია ნებისმიერთან ერთად დაქორწინება. ალადინი და ჯასმინი ერთად რჩებიან. ჯინი ტოვებს მათ და მიემართება სამყაროს გარშემო სამოგზაუროდ.

ფილმზე მუშაობა[რედაქტირება]

1988 წელს ჰოვარდ ეშმენის შემოთავაზებით, დისნეის კომპანიას უნდა ემუშავა ალადინის მუსიკალურ ადაპტაციაზე. სიუჟეტისა და სიმღერების შექმნის შემდეგ გადაწყდა, რომ რეჟისორები იქნებიან ჯონ მასკერი და რონ კლემენტსი. 1991 წელს სცენარი გადასცეს სტუდიის დირექტორს ჯეფრი კაცენბერგს, რომელსაც ეს ვარიანტი არ მოეწონა და მოითხოვა სცენარის შეცვლა. სცენარიდან ამოღებული იქნა ალადინის დედა, ხოლო პრინცესა ჯასმინის როლი უფრო მკვეთრი გახდა. ალადინის პიროვნებაც უფრო დაიხვეწა და ახალგაზრდა ჰარისონ ფორდს ჰგავდა. თუთიყუში იაგო კომიკურ პერსონაჟად აქციეს.

ფილმის პერსონაჟების შედარებითი დიაგრამა

პერსონაჟების უმრავლესობა ეფუძნება კარიკატურისტ ელ ჰირშფილდის ნახატებს, მაგრამ ჯაფარი გამონაკლისია. ალადინი, რომელიც შექმნა ანიმატორმა გლენ კინმა, უნდა ყოფილიყო მსახიობ მაიკლ ჯეი ფოქსის ასლი, მაგრამ შემდეგ იგი შეცვლილი იქნა და გახდა ტომ კრუზის, რეპერ ემ სი ჰამერისა და კელვინ კლაინის კრებითი სახე.

ფილმში გამოყენებული იქნა კომპიუტერულ ანიმაცია. მაგალითად, კომპიუტერული გრაფიკის საშუალებით იქნა აგებული საოცრებათა გამოქვაბულის შესასვლელი - ვეფხვის თავი. კომპიუტერული გრაფიკა არის გამოყენებული აგრეთვე მფრინავი ხალიჩის ტექსტურაში და გამოქვაბულიდან გაქცევის სცენაში.

ჯინი იქმნებოდა რობინ უილიამსის ტიპაჟიდან, მიუხედავად იმისა, რომ კაცენბერგს სურდა, რომ პროტოტიპი ყოფილიყო ჯონ კენდი, სტივ მარტინი ან ედი მერფი. უილიამსი ამ როლზე პირველივე თხოვნით დათანხმდა, მიუხედავად იმისა, რომ პარალელურად კიდევ ორ ფილმზე მუშაობდა. მას მისცეს ტექსტი, მაგრამ საკუთარი ფრაზების დამატების უფლებაც დაუტოვეს. აღმოჩნდა, რომ მან მოსინჯა 52 სხვადასხვა ტიპაჟი. ჯინის ანიმატორმა, ერიკ გოლდბერგმა აირჩია ამ ტიპაჟებიდან ერთ-ერთი და სწორედ ეს იქცა იმ ჯინად, რომელიც ფილმშია. აღსანიშნავია, რომ ფილმის გაგრძელებაზე უილიამსი არ მუშაობდა და ბევრი მოყვარულის თქმით, მისი იუმორი ამ ფილმებს ნამდვილად აკლია.

უილიამსმა ასევე გაახმოვანა ვაჭარი, რომელიც ჩნდება ფილმის დასაწყისში, რაც საერთოდ არ ეწერა სცენარში. თავდაპირველად სურდათ ამ ვაჭრის ჯინად გადაქცევა, მაგრამ ეს იდეა დაივიწყეს.

პერსონაჟები[რედაქტირება]

მთავარი პერსონაჟები: ჯინი და ხალიჩა, სულთანი, ჯასმინი, ალადინი, აბუ, ჯაფარი და იაგო.
  • ალადინი/პრინცი ალი აბაბვა, ახმოვანებს სკოტ ვეინჯერი — ღარიბი მაწანწალა აგრაბას ქუჩებიდან. სიმღერებს მღერის მსახიობი ბრედ კეინი.
  • ჯაფარი, ახმოვანებს ჯონათან ფრიმენი — ბოროტი ვეზირი და გრძნეული, რომელსაც სურს სამეფო ტახტის მითვისება.
  • ჯინი, ახმოვანებს რობინ უილიამსი — ექცენტრიული და მხიარული ჯინი.
  • პრინცესა ჯასმინი, ახმოვანებს ლინდა ლარკინი — აგრაბას პრინცესა. სიმღერებს მღერის ლი სალონგა.
  • აბუ, ახმოვანებს ფრენკ ველკერი — ალადინის პატარა მაიმუნი.
  • ჯადოსნური მფრინავი ხალიჩა — ხალიჩა, რომელიც ალადინმა საოცრებათა გამოქვაბულში იპოვა
  • იაგო, ახმოვანებს ჯილბერტ გოტფრიდი — ჯაფარის თუთიყუში.
  • სულთანი, ახმოვანებს დუგლას სილი — პომპეზური, მაგრამ მიმზიდველი სასაცილო სულთანი, აგრაბას მმართველი.
  • რაჯა, ახმოვანებს ფრენკ ველკერი — ჯასმინის ვეფხვი.
  • რაზული, ახმოვანებს ჯიმ კამინგსი — სულთნის დაცვის უფროსი.
  • ვაჭარი, ახმოვანებს რობინ უილიამსი — იგი ჩნდება ფილმის დასაწყისში და წარმოგვიდგენს ლამპარს. სიმღერას მღერის ბრიუს ადლერი.

მუსიკა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ალადინი (საუნდტრეკი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]