აკლდამა
აკლდამა (ძვ. ებრ. aqeldam — სისხლის ველი) — სამარხი ნაგებობა. ზოგჯერ ნაწილობრივ მიწაშია ჩაფლული. დაახლოებით იგივე, რაც ძვ. ქართული სამარხავი. სიტყვა „აკლდამა“ ქართულში შემოსული უნდა იყოს IV-V საუკუნეებში ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად. შეიძლებოდა აკლდამის გახსნა და შიგ შესვლა. მას ჰქონდა ეზო, ზოგჯერ კიბიანი შესასვლელი, ერთი ან რამდენიმე სენაკი, მიცვალებულის დასასვენებელი საცხედრე და საძვალე. აგებდნენ მშრალი წყობით ან ქვითკირით, ქვათლილებით მოსავდნენ ან კამარით ხურავდნენ. ზოგჯერ შიგნიდან შელესილი და მოხატული ან წარწერებით შემკული იყო. აკლდამაში მარხავდნენ ერთი საგვარეულოს წარმომადგენლებს. აკლდამის ტიპის ნაგებობებია მავზოლეუმი, ძვ. ეგვიპტური სამარხები — მასტაბა, პირამიდა. ძვ. ბერძნული საკოფაგი. კათოლიკური ტაძრის საკურთხევლის ქვეშ მოწყობილი კრიპტი. გათხრილი და შესწავლილია მეფეთა და წარჩინებულთა ბევრი უძველესი აკლდამა.
საქართველოში აღმოჩენილია ქართლის სამეფოს მესვეურთა, წარჩინებულთა და მათი ოჯახის წევრთა მავზოლეუმის ტიპის აკლდამები მცხეთაში (I საუკუნე, მცხეთის აკლდამა), ბაგინეთში (II საუკუნე). გარდა ამისა , აკლდამები გათხარეს ივრის სიონში (V—VIII საუკუნეები), ხორნაბუჯის მიდამოებში (V—VIII საუკუნეები) და სხვა. აღსანიშნავია ხევსურეთში სოფელ მუცოს ქვით ნაშენი ოთხკუთხა აკლდამები. მათ შიდა კედლებზე ქვის თაროების და ზედ ადამიანთა ჩონჩხები აწყვია. საყურადღებოა აგრეთვე ანატორის აკლდამები (შატილთან).
ხალხურ მეტყველებაში აკლდამა უმთავრესად ქვით ან აგურით ნაგები სამარხია ერთი ან რამდენიმე მიცვალებულის დასაკრძალავად.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] ლიტერატურა
- თედორაძე, გ., ხუთი წელი ფშავ-ხევსურეთში, ტფ., 1930;
- მენთეშაშვილი ს., მიცვალებულთა დამარხვისა და სამარხეების ტერმინოლოგიისათვის, «საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1944, 12B;
- ლომთათიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 251, თბ., 1975 წელი.