აიდა (ოპერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აიდა)
აიდა
ჯუზეპე ვერდის ოპერა

ვოკალური პარტიტურის გარეკანი, დაახლ. 1872
ლიბრეტისტი ანტონიო გისლანცონი
ენა იტალიური
პრემიერა 24 დეკემბერი, 1871 (1871-12-24)
ხედივის ოპერა, კაირო
ჯუზეპე ვერდი დირიჟორობს ოპერა „აიდას“ (1880 წელი, პარიზი)

აიდაჯუზეპე ვერდის ოთხმოქმედებიანი ოპერა.

შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1869 წლის 17 ნოემბერს სუეცის არხის გახსნასთან დაკავშირებით ეგვიპტის მთავრობამ კაიროში საოპერო თეატრი ააგო და ჯუზეპე ვერდის საზეიმო ოდის შექმნა სთხოვა. კომპოზიტორმა უარი განაცხადა, რაც იმით ახსნა, რომ შეკვეთით ნაწარმოების შექმნას შეჩვეული არ იყო. 1870 წელს მარტში საბოლოოდ ვერდი მაინც დაეთანხმა ეგვიპტის მთავრობას და ეგვიპტურ სიუჟეტებზე ოპერის შექმნას დაპირდა. კომპოზიტორის ახლო მეგობარმა — კამილ დიუ ლოკმა (მათ იმ პერიოდისთვის მუშაობა ოპერაზე „დონ კარლოსი“ დამთავრებული ჰქონდათ) ვერდის გამოუგზავნა ფრანგი ეგვიპტოლოგისაუგუსტ მარიეტის ტექსტის საფუძველზე შექმნილი სცენარი. ვერდიმ და მისმა მეუღლემ ტექსტი ცალკეულ სცენებად, ნომრებად და რეჩიტატივებად დაყვეს, რის შემდეგაც ანტონიო გისლანცონიმ ლიბრეტო შექმნა. ვერდის და გისლანცონის მიმოწერა ცხადყოფს, რომ ამ უკანასკნელმა მართლაც უდიდესი როლი ითამაშა ლიბრეტოს საბოლოო სახის ჩამოყალიბებაში, თუმცა კომპოზიტორმა, მისთვის ჩვეული იუმორით, საკუთარი ჩანაფიქრის ორბიტაში მოაქცია გისლანცონი. ოპერის მსოფლიო პრემიერა 1871 წლის 24 დეკემბერს შედგა კაიროს ოპერის თეატრში. სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ანტონიეტა პოზონი — აიდა. პიეტრო მონჯინი — რადამესი. ელეონორა გროსი — ამნერისი. ფრანჩესკო შტელერი — ამონასრო. პაოლო მედინი — რამფისი. ტომასო კოსტა — მეფე. დირიჟორი — ჯოვანი ბოტესინი). წარმოდგენას უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად. თავად კომპოზიტორი ოპერის პრემიერას არ დასწრებია. ეგვიპტის მთავრობამ ვერდის ოტომანის ორდენის კავალერის ტიტული მიანიჭა.

1871 წლის სექტემბერში კომპოზიტორმა გადაწყვიტა „აიდას“ დადგმა ლა სკალაში. კომპოზიტორმა თავადვე მიიღო მონაწილეობა მთავარი როლის შემსრულებლების, ორკესტრისა და გუნდის მომზადებაში. იგი იმდენად იყო დაინტერესებული ევროპული პრემიერის წარმატებით, რომ თავად აირჩია მხატვრულად გამფორმებელიც. საოპერო პრელუდიის მაგივრად, ვერდიმ შექმნა უვერტიურა პოპურის სტილში, თუმცა, საბოლოოდ, უარი თქვა მის შესრულებაზე, რადგან საკუთარი მუსიკა უღიმღამოდ და მოსაწყენად მოეჩვენა.

მილანში ძალზე დიდი იყო ახალი ოპერის მოლოდინი. 1872 წლის თებერვალში მსმენელი ენთუზიაზმით შეხვდა პრემიერას, თუმცა, კრიტიკის შეფასება არაერთგვაროვანი იყო. პრემიერიდან 2 წლის შემდეგ ოპერა წარმოდგენილი იყო პარმაში. ათი წლის განმავლობაში „აიდა“ დაიდგა მსოფლიოს 155 თეატრში, მათ შორის ნიუ-იორკსა და ფილადელფიაში 1873 წელს, ჩიკაგოსა და ბოსტონში 1874 წელს. "აიდამ" საზეიმოდ გახსნა ვერონის ყოველწლიური საოპერო მუსიკის ფესტივალი 1913 წელს.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქმედების ადგილი - მემფისი და თებე, დრო - ფარაონების მმართველობის ეპოქა

პირველი მოქმედება

მემფისში, ფარაონის სასახლეში, მივიდა ცნობა ქვეყანაში ეთიოპიელების შემოჭრის შესახებ. სამეფო დაცვის უფროსი რადამესი სამხედრო დიდებაზე ოცნებობს. გამარჯვების საფასურად იგი თავისი სატრფოს, ეთიოპელი მხევლის აიდას განთავისუფლებას ითხოვს. ფარაონის ასული ამნერისი, რომელიც გულის სიღრმეში რადამესს ეტრფის, დადარდიანებულია, რადგან კარგად ხვდება, რომ რადამესს აიდა უყვარს. აიდას სიმორცხვე უფრო აძლიერებს ეჭვებს. ფარაონი საზეიმოდ გამოაცხადებს ქალღმერთ ისიდას ნებას — ეგვიპტის ჯარს სწორედ რადამესი გაუძღვება.

რადამესს ტაძარში აკურთხებენ ჯარის წინამძღოლად. ქურუმები ღმერთებს ეგვიპტის გამარჯვებას შესთხოვენ. მთავარი ქურუმი რამფისი რადამესს წმინდა მახვილს გადასცემს.

აიდას სულიერი მდგომარეობა მღელვარეა. მასში ერთმანეთს ებრძვის ორი გრძნობა — სიყვარული რადამესისადმი და შიში საკუთარი მამის, ეთიოპიელთა წინამძღოლის ამონასროს ბედის გამო. ის ხვდება, რომ სწორედ ქალიშვილის გამოსახსნელად გადაწყვიტა ამონასრომ ეგვიპტეზე გამოლაშქრება. სასოწარკვეთილი აიდა ღმერთებს სიკვდილს ევედრება.

მეორე მოქმედება

ამნერისი მოელის რადამესის დაბრუნებას, რომელმაც ბრძოლაში ეთიოპიელები დაამარცხა. აიდას დანახვისთანავე მისი ეჭვი ახალი ძალით იფეთქებს. ამნერისს სურს, სიმართლე ათქმევინოს დატყვევებულ აიდას და ამ მიზნით ეუბნება, რომ რადამესი ბრძოლაში დაიღუპა. აიდა ვერ მალავს სასოწარკვეთას. ამნერისი განრისხდება და აიდას სასტიკი სასჯელით დაემუქრება, რადგან მან გაბედა, თვით ფარაონის ასულს შესცილებოდა საყვარელ მამაკაცში. შეურაცხყოფილი აიდა გულში იკლავს წუხილს-ისიც ხომ მეფის ასულია, მაგრამ, დატყვევებული და მონად ქცეული. მოედნიდან მოისმის ტრიუმფალური მარშის ხმა — ხალხი ეგებება გამარჯვებულ ჯარს. აიდა კვლავ ლოცულობს და შესთხოვს ღმერთებს, რათა მალე ეწვიოს სიკვდილი.

თებეს მოედანზე იმართება საზეიმო შეხვედრა ეგვიპტის გამარჯვებულ ჯართან. ფარაონის წინაშე ჩაივლიან ბორკილასხმული ეთიოპიელი ტყვეები. მათ შორისაა ამონასრო. შეძრწუნებული აიდა მამისკენ გაიქცევა, მაგრამ, ამონასრო უმალ აფრთხილებს მას, რომ არ გათქვას მისი ვინაობა. იგი თავს ეთიოპიის ჯარის მეთაურად ასაღებს და ატყუებს ყველას, რომ ეთიოპიის მეფე ბრძოლის ველზე დაეცა.

დატყვევებულები პატიებას ითხოვენ. მათ მუდარას ხალხიც უერთდება, მაგრამ ქურუმები დაბეჯითებით ითხოვენ მათ დასჯას. რადამესიც ესარჩლება ტყვეებს და ფარაონი მას უსრულებს თხოვნას-ეთიოპიელებს თავისუფლება მიანიჭოს, მაგრამ, უმაღლესი ქურუმის რჩევით, აიდას და ამონასროს მძევლად იტოვებს და რადამესს თავისი ქალიშვილის ხელს და ეგვიპტის მმართველობას სთავაზობს. გამარჯვებული ამნერისი აიდას უბედურებით ტკბება.

მესამე მოქმედება

ნილოსის ნაპირას, ისიდას ტაძარში ამნერისი რადამესთან დაქორწინების მოლოდინშია. აიდაც ელოდება რადამესს, რათა საბოლოოდ გამოეთხოვოს მას. დასევდიანებული აიდა იხსენებს სამშობლოს, რომლის ნახვა აღარ უწერია. უეცრად გამოჩნდება ამონასრო. მან გაიგო, რომ აიდა შეყვარებულია რადამესზე და სთხოვს ქალიშვილს, რომ სატრფოს დააცდენინოს, თუ რომელი გზით აპირებს იგი ჯარების წაყვანას ეთიოპიელთა წინააღმდეგ. აიდა მამის თხოვნას უარით პასუხობს. ამონასრო წყევლის ქალიშვილს, რომელმაც, მისი აზრით, სამშობლოს უღალატა და ფარაონის მხევლად იქცა. საბოლოოდ აიდა თანხმდება მამას. ამონასრო რადამესის გამოჩენისთანავე იმალება. რადამესი დარწმუნებულია, რომ გამარჯვებას მოიპოვებს, მაგრამ აიდა არ იზიარებს მის აღტკინებას, რადგან სწამს, რომ ამნერისი მათ დაღუპავს, ამიტომ, მისი აზრით, საუკეთესო გამოსავალი ეთიოპიაში გაქცევაა. რადამესი ორჭოფობს, თუმცა, ბოლოს დაჰყვება აიდას ნებას. აიდა მამის თხოვნას ასრულებს და რადამესს სამხედრო საიდუმლოს ათქმევინებს. ამონასრო ზეიმობს — ამჯერად ეთიოპიელებს გამარჯვება განაღდებული აქვთ. რადამესი თავზარდაცემულია. იგი უნებლიედ სამშობლოს მოღალატე აღმოჩნდა. ამონასრო და აიდა მას ამშვიდებენ და არწმუნებენ, რომ თავის გადასარჩენად გაქცევაა აუცილებელი.უეცრად, ტაძრიდან გამოსულ რამფისი და ამნერისი გამოდიან-მათ ყველაფერი მოისმინეს და დაინახეს და ახლა მცველებს უხმობენ, რომ შეიპყრონ შეთქმულები. ამონასრო მახვილს იშიშვლებს, რომ დახოცოს ჯაშუშები, მაგრამ, რადამესი მას აჩერებს და უბრძანებს-გაიქცეს ქალიშვილთან ერთად, თავად კი საკუთარი ნებით ჩაბარდება მცველებს. აიდა და ამონასრო გაქცევით შველიან თავს.

მეოთხე მოქმედება

რადამესი უნდა წარდგეს სამსჯავროს წინაშე. ამნერისი მას მონანიებას სთხოვს და თუკი აიდაზე იტყვის უარს, თავის სიყვარულსა და თვით ეგვიპტის გვირგვინს ჰპირდება. რადამესის ნება შეუვალია. აიდასადმი სიყვარულის გამო მან დიდი მსხვერპლი გაიღო. ფარაონის ქალიშვილი გაორებულია, იგი ხან რადამესს ემუქრება სასტიკი ანგარიშსწორებით, ხან კი ღმერთებს შესთხოვს მის გადარჩენას და ქურუმებს ევედრება, მოწყალება მოიღონ. რამფისის განაჩენი საბოლოოა — მოღალატე ცოცხლად უნდა დაიმარხოს. სასოწარკვეთილი ამნერისი ქურუმთა სისასტიკეს წყევლის.

რადამესი დატყვევებულია. სიკვდილის წინ იგი სატრფოზე ოცნებობს. უეცრად მოისმის კვნესის ხმა, — რადამესთან მოვიდა აიდა, რომელმაც გადაწყვიტა, სატრფოსთან ერთად დაიღუპოს. აიდა სიხარულით ელოდება სიკვდილს, რადგან იცის, რომ ამიერიდან მიჯნურს ვერაფერი დააშორებს. მოისმის ქურუმების ლოცვა ქვესკნელის ღმერთის მიმართ. სარკოფაგში გამომწყვდეული რადამესი და აიდა ერთმანეთს ეხვევიან და ღმერთებს სულიერ სიმშვიდეს შესთხოვენ სიკვდილის წინ.

მარი რაპოლდი ასრულებს არიას ოპერა „აიდა“-დან „O patria mia“

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: