აია (მითოლოგია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აია (ძვ. ბერძნ. Αἰαία) — კოლხეთის ძველი სახელწოდება. მეფე აიეტის მეფობის დროს, აქ მოვიდნენ არგონავტები და მოიტაცეს ოქროს საწმისი. აია ზოგ მკვლევარს მითიურად მიაჩნია, ზოგის აზრით, იგი თანამედროვე კოლხეთია, ზოგს კი — იტალიის მახლობლად გადააქვს.კუნძულ აიაზე ბატონობდა გრძნეული ქალი — კირკე. აიას ხშირად კირკეს კუნძულსაც უწოდებენ.

ისტორია[რედაქტირება]

აია კოლხეთის უძველესი სახელია. არგონავტების მითში ქვეყანა, სადაც არგონავტებმა ლაშქრობა ჩაატარეს ეწოდება აია. მეცნიერთა აზრით, “არგონავტების მითის პირველი სახე უნდა შექმნილიყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სახელი "კოლხიდა" არ არსებობდა და ამ მხარეს რაღაც სხვა ერქვა (შეიძლება გაია, აია: მიწა ქვეყანა)[1], ხოლო საბერძნეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არ იყო დამკვიდრებული ბერძნები და მას "პელაზგია" ეწოდებოდა ადგილობრივ მკვიდრთა პელაზგების მიხედვით (ჰეკატე მილეტელი და სხვა მრავალი ავტორი)"[1].

ჰომეროსის (ძვ.წ. IX-VIII სს.) "ოდისეა" წარმოადგენს უძველეს ბერძნულ წყაროს, სადაც მოხსენიებულია კოლხეთის პირვანდელი სახელწოდება "აია" და რომელშიც აირეკლა ჰომეროსამდელი წარმოდგენა ბერძნებისა კოლხეთზე[2]. ჰომეროსმა არ იცის სახელი კოლხეთი, მაგრამ მის მაგივრად ახსენებს "აიას". "ოდისეაში" გეოგრაფიული სახელი "აია" მოხსენიებულია სამ ადგილას (ჰომეროსი, სიმღერა X, XI, XII). "ოდისეას" მიხედვით, "აიაიე" მდებარეობს აღმოსავლეთით, იქ, სადაც მზის ღმერთი ჰელიოსი აღმოსვლას იწყებს:"როს ოკეანის მდინარებას გასცდა ხომალდი, აიაიასთან მიგვაბრუნეს ტალღებმა ზღვისა, სად ცისკრის მაცნე ეოსს ბინა აქვს და სად არის აღმოსავალი, საცეკვაო ჰელიოსისა" (ჰომეროსი, სიმღერა XII, 1-4;)[3].

ანტიკური ხანის მწერლები ჰელიოსის სასახლეს აიეტის ქვეყანაში ათავსებენ. ასე მაგალითად, ბერძენი პოეტი-ელეგიკოსი მიმნერმე (ძვ. წ. VII-VI სს.) თავის კრებულში "ნანო" აღნიშნავს, რომ ჰელიოსის სხივები აიეტის ქალაქში (ანუ აიაში), ოქროს დარბაზში ძევს. იგი წერს: "აიეტის ქალაქი. აქ მალი ჰელიოსის სხივები ძევს ოქროს დარბაზში, ოკეანეს სანაპიროზე, სადაც წარემართა ღვთაებრივი იასონი"[4]. ამ ფრაგმენტიდან ნათლად ჩანს აიას მდებარეობა – "ოკეანის სანაპიროზე", რაც შავი ზღვის სანაპიროზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ანტიკური წყაროში შავი ზღვა ოკეანედ მოიხსენიება.

ოდისეაში მოხსენიებულია აგრეთვე კირკეს კუნძული აიაიე (ე.ი. აიასადმი განკუთვნილი): “აიაიეს მივაღწიეთ, სად კირკე მკვიდრობს, მძლავრი ქალღმერთი, კაცური ხმით მოლაპარაკე. იგი და იყო ავის მზრახველ აიეტ მეფის (ჰომეროსი, სიმღერა X, 135-137;)[5].

ანტიკური ტრადიციის მიხედვით, კირკე აიას მეფის აიეტის დაა. მეცნიერთა აზრით, კირკეს კუნძულის სახელწოდება “აიაიე” აიას კუთვნილს, მის ნაწილს აღნიშნავს და მისი მდებარეობა იქვე, აიეტის ქვეყანაში ივარაუდება (რ. გორდეზიანი)[6]. “ოდისეაში” მოხსენიებული “აია”, რომ ბერძენ მწერლებს ჩვეულებრივ კოლხეთის ტერიტორიაზე არსებულ ქვეყნად მიაჩნდათ, ამას ადასტურებს ევსტათი თესალონიკელი (XII ს.). “ილიადისა” და “ოდისეას” კომენტარებში იგი აღნიშნავს, რომ ჰომეროსი “კოლხიკეს” ნაცვლად აიას ხმარობს როგორც ადგილის აღმნიშვნელ სახელწოდებას. იგი წერს: “ამით ამბობს პოეტი (ჰომეროსი)… “აიაიე” კოლხიკეს ნაცვლად ადგილობრივი სახელის მიხედვით. აია ხომ კოლხიდის ქალაქია. სხვებთანაც და ლიკოფრონთანაც მის მოქალაქეს ჰქვია აიელი, ხოლო ქალს ჰქვია აიაია. ხოლო კირკეს კუნძულს “აიაია” იმავე კირკეს გამო… ხოლო გეოგრაფოსი ამბობს “აია” ქალაქიაო ფასისთან, ამით იმას ამბობს, რომ ამ კოლხური აიას მახლობლად არის აგრეთვე კირკეს კუნძული “აიაიე”. გმირი აიეტიც ამავე აიასგან იწოდება ამ სახელითო, ამტკიცებენ ძველები[7].

აიას კოლხეთთან აიგივებს და ქვეყნის უძველეს სახელად მოიხსენიებს ჰეროდოტე. აღსანიშნავია, რომ იგი თავის “ისტორიაში” სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილს მისი ძველი და ახალი სახელებით იხსენიებს, მაგ., პითო-დელფო, რომელშიც “პითო” წარმოადგენს “დელფოს” პირვანდელ სახელს. ასევე, აია-კოლხიდაში “აია” ნიშნავს “კოლხიდის” უძველეს სახელს. ჰეროდოტე წერს: “გრძელი ხომალდით მოსცურეს აია – კოლხიდაში, მდინარე ფასისთან"[8]. “ესენი (ე.ი. არგონავტები) მიცურავდნენ აიაში, კოლხიდაში, საწმისისათვის”. აქედან გამომდინარე, ჰეროდოტეს მიხედვით, მის დროინდელ “კოლხიდას” წინათ, არგონავტების მითის შექმნის პერიოდში სახელად “აია” ერქვა. ჰეროდოტეს მსგავსად, აპოლონიოს როდოსელის “არგონავტიკაში” “აია” “კოლხეთის” სინონიმია და არა ქალაქი. აპოლონიოს როდოსელიწერს: “კოლხეთ-აია ხომ კიდეშია, სადაც თავდება ზღვა და ხმელეთი"[9]. იქვე: “აიეტ მეფის კოლხურ ხომალდით გასცდნენ აიას ქვეყნის ნაპირებს და გაეშურნენ ქალაქ ორქომენს. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ “არგონავტების” სქოლიასტები “აიას” ქალაქად მოიხსენიებენ.

ანტიკური და ბიზანტიური ხანის ზოგიერთი მწერალი “აიას” ქალაქად მიიჩნევს, რამაც ხელი შეუწყო შეცდომის დამკვიდრებას ლიტერატურაში. ძვ. წ. VIII საუკუნის ეპიკოსი პოეტი ევმელოს კორინთელი “კორინთიკაში” წერს: “აია კოლხეთის ქალაქია”[10]. ძველი ბერძენი მწერალი ლიკოფრონი (ძვ. წ. IV-III სს.) აიეტს “აიასა და კორინთოს მრისხანე გამგებელს” უწოდებს[11]. ამ ცნობით, აია კორინთოს დარი, ე.ი. ორივე ქალაქია. სქოლიასტებიც ასე განმარტავენ: აია კოლხიდის ქალაქია.

სტეფანე ბიზანტიელი (VI ს.) “ეთნიკაში”: “აია კოლხთა ქალაქია, აიეტის მიერ დაფუძნებული, ზღვისგან მოშიორებული სამასი სტადიონით; მას ჩამოუდის ორი მდინარე: ჰიპსოსი და კვიანეოსი, რომლებიც [ქალაქს] ნახევარკუნძულად ჰქმნიან[12].

ევრიპიდე (ძვ. წ. 480-406 წ.წ.), ლიკოფრონ ქალკიდეკელი (ძვ. წ. IV-III სს.) და იოანე ცეცე (XII ს.) აღნიშნავენ “კოლხთა აიას”[13].

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 გ. გოზალიშვილი, მითრიდატე პონტოელი, გვ. 8-9, თბილისი, 1965 წ.
  2. ჰომეროსი, ოდისეა, გვ. 53, თბილისი, 1979 წ.
  3. ჰომეროსი, ოდისეა, გვ. 244, თბილისი, 1979 წ
  4. ა. ურუშაძე, ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში, გვ. 202; თბილისი, 1964 წ
  5. ჰომეროსი, ოდისეა, გვ. 49, თბილისი, 1979 წ.
  6. ჰომეროსი, ოდისეა, გვ. 214, თბილისი, 1979 წ.
  7. გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. VIII, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, გვ. 2, თბილისი, 1970 წ
  8. ჰეროდოტე, ისტორია, ბერძნულიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და საძიებელი დაურთო თ. ყაუხჩიშვილმა, ტ. I, გვ. 29-30, თბილისი 1975 წ.
  9. აპ. როდოსელი, არგონავტიკა, გვ. 91, თბილისი, 1975 წ.
  10. ა. ურუშაძე, ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში, გვ. 195, თბილისი, 1964 წ.
  11. თ. ყაუხჩიშვილი, ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, IV, გვ. 52, მეცნიერება, თბილისი, 1980 წ
  12. ა. ურუშაძე, ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში, გვ. 230, თბილისი, 1964 წ.
  13. ა. ურუშაძე, ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში, გვ. 231, თბილისი, 1964 წ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • გ. გოზალიშვილი, მითრიდატე პონტოელი, თბილისი, 1965 წ.
  • ჰომეროსი, ოდისეა, თბილისი, 1979 წ.
  • ა. ურუშაძე, ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში, თბილისი, 1964 წ.
  • გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. VIII, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, თბილისი, 1970 წ
  • ჰეროდოტე, ისტორია, ბერძნულიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და საძიებელი დაურთო თ. ყაუხჩიშვილმა, ტ. I, თბილისი 1975 წ.
  • აპ. როდოსელი, არგონავტიკა, თბილისი, 1975 წ.
  • თ. ყაუხჩიშვილი, ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, IV,მეცნიერება, თბილისი, 1980 წ
  • თენგიზ ვერულავა "აიას სამეფო"

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]