აია-სოფიას ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აია-სოფიას მუზეუმი (სტამბოლი))
აია-სოფია
აია-სოფიას ტაძარი — თურქეთი
აია-სოფიას ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°00′31″ ჩ. გ. 28°58′48″ ა. გ. / 41.00861° ჩ. გ. 28.98000° ა. გ. / 41.00861; 28.98000
რელიგიური კუთვნილება მართლმადიდებლური ტაძარი (360-404, 414-532, 537-1204, 1261-1453)
კათოლიკური ტაძარი (1204-1261)
მეჩეთი (1453-1935, 2020–)
მუზეუმი (1935-2020) მეჩეთი(2020-)
ქვეყანა დროშა: თურქეთი თურქეთი
პროვინცია სტამბოლი
კურთხევის წელი 537
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი მეჩეთი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა სტამბოლი, ყოფილი კონსტანტინოპოლი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ისიდორე მილეტელი
ანთიმოზ ტრალელი
დეტალები
სიგრძე 82
სიგანე 73
სიმაღლე (მაქს.) 55
გუმბათი 1
მინარეთი 4
აია-სოფია დღეს.

აია-სოფია (ბერძ. Ἁγία Σοφία) — ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა ოსმალთა მიერ, შემდეგ მუზეუმი იყო, ამჟამად კი მეჩეთია ქალაქ სტამბოლში, თურქეთი. მას უნივერსალურად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევენ და ხშირად მსოფლიოს მერვე საოცრებად მოიხსენიებენ. კონსტანტინოპოლის დაცემისას მისი ოსმანთა ხელში გადასვლა ბერძნული მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების მიერ უდიდეს ტრაგედიად არის მიჩნეული. ვიდრე კონსტანტინოპოლი დაეცემოდა იყო ერთ-ერთი უმთავრესი მართლმადიდებლური ტაძარი. სახელი წმინდა სოფია ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც წმინდა სიბრძნე და ეძღვნება წმინდა სამების მეორე იპოსტასს, განკაცებულ ღვთის სიტყვას (ბერძნ:Λόγος), უფალ იესო ქრისტეს, როგორც ღვთის წმინდა სიბრძნეს.

ტაძრის სახელი მომდინარეობს ბერძნულიდან - Αγία Σοφία. მისი ლათინური ექვივალენტია Sancta Sophia, ხოლო თურქული - Ayasofya.

2006 წელს აია-სოფიას მეჩეთში განახლდა მაჰმადიანური რელიგიური რიტუალების აღსრულება. 2020 წლის ივლისში კი ტაძარი ისევ მეჩეთად იქცა.

დეტალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძრის სიმაღლე 55,6 მეტრია, ხოლო გუმბათის დიამეტრი – 31 მეტრი. სიგრძე 82 მ, ხოლო – სიგანე 73 მ.

ტაძარში პირველადაა გამოყენებული რთული კონსტრუქციული სისტემა: გუმბათი აფრების მეშვეობით ეყრდნობა ოთახს თაღს, ისინი კი, თავის მხრივ, ოთხ მასიურ ბოძს უჭირავს, რომლებიც გარედან კონტრფორსებით (ქვის ვერტიკალური შვერილებით) არის გამაგრებული. აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან გუმბათი გამაგრებულია ნახევარგუმბათებით. ტაძრის ინტერიერი მაღალი, მსუბუქი, სინათლითა და ჰაერით სავსე სივრცის შთაბეჭდილებას ქმნის და დეკორირებულია ელვარე მოზაიკებით, მარმარილოს და პორფირის სვეტებით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარი წარმოადგენს ბიზანტიური „ოქროს საუკუნის“ სიმბოლოს. სწორედ იმ პერიოდში იყო ბიზანტია განვითარების უმაღლეს წერტილზე. ბიზანტიის იმპერიის ხანაში აია-სოფია საიმპერატორო სასახლის გვერდით აიგო, კონსტანტინოპოლის ცენტრალურ ნაწილში. დღესდღეობით კი იგი სტამბოლის ისტორიულ რაიონს წარმოადგენს (სულთან აჰმეტის რაიონი). მის წინ მდებარეობს სულთან აჰმედის მეჩეთი (ცისფერი მეჩეთი).

მისი მშენებლობა ბიზანტიის დიდი იმპერატორის კონსტანტინეს სახელს უკავშირდება. ტაძარი შენდებოდა 324-337. მის ასაგებად შერჩეულ იქნა კონსტანტინოპოლის ცხენების ბაზრობის მოედანი. სოკრატე სქოლასტიკელის გადმოცემის მიხედვით აია-სოფია 360-380 წლებში არიანების ხელში იყო, 380 წელს კი ბიზანტიის იმპერატორის თეოდოსიუს I-ის ბრძანებით ტაძარი გადაეცა მართლმადიდებლებს და 380 წლის 27 თებერვალს იგი თავად წარუძღვა გრიგოლ ღვთისმეტყველს ტაძარში (რომელიც სულ მალე კონსტანტინრპოლის არქიეპისკოპოსად იქნა არჩეული).

989 წელს აია-სოფია ძალიან დააზიანა მიწისძვრამ, თუმცა შეაკეთეს. 1204 წელს აია-სოფიაში იყო დაბრძანებული ტურინის სუდარა.

მშენებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აია-სოფია სამჯერ აშენდა. პირველად იყო მეგალა ეკლესია, რომელიც იყო ხისგან ნაგები შენობა ბაზილიკის სტილში და ხის სახურავით გადახურული. ეკლესია 360 წელს აიგო. 404 წელს იყო სახალხო აჯანყება, რომლის დროსაც მომხდარმა ხანძარმა ტაძრის ნაწილი იმსხვერპლა.

მეორედ აია-სოფია აშენდა 415 წელს თეოდოსიუს II დროს. ეს იყო ახალი ეკლესია ბაზილიკის სტილში აგებული, ხის სახურავითა და მონუმენტალური შემოსასვლელით.

532 წელს სახალხო ნიკას აჯანყების დროს ტაძარი კვლავ დაიწვა, ამიტომ იუსტინიანე I ბრძანა აღედგინათ ტაძარი. მან კონსტანტინოპოლში მოიწვია საუკეთესო არქიტექტორები ისიდორ მილეთელი და ანფიმ ტრალელი. მის ასაგებად გამოიყენეს საუკეთესო ხარისხის მარმარილო და სხვა სამშენებლო მასალები. ეს მარმარილო მოჰქონდათ ნომიდიიდან, პროკონისადან,კარისტადან და იერაპოლიიდან. ტაძარი მოაპირკეთეს ოქროთი, ვერცხლით და სხვა ძრირფასი ლითონებით. აია-სოფიას სახელი „დიდებული“ უკვე მშენებლობის პერიოდში მიენიჭა. ტაძრის რესტავრაცია მალევე დასრულდა და ის საზეიმოდ გაიხსნა 532 წლის 27 დეკემბერს.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი Αγία Σοφία (აია-სოფია) ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც წმინდა სიბრძნე და ეძღვნება წმინდა სამების მეორე იპოსტასს, განკაცებულ ღვთის სიტყვას (ბერძნ:Λόγος), უფალ იესო ქრისტეს, როგორც ღვთის წმინდა სიბრძნეს.

ტაძრის სახელი მომდინარეობს ბერძნულიდან - Αγία Σοφία. მისი ლათინური ექვივალენტია Santa Sophia, ხოლო თურქული - Ayasofya.

კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1453 წლის 29-30 მაისს ოსმალეთის სულთნის, მეჰმედ II-ის, ბრძანებით გადააკეთეს მუსლიმურ სალოცავად. ამის შემდეგ მას მიაშენეს ოთხი მინარეთი.

კონსტანტინოპოლის დაცემისას მისი ოსმალთა ხელში გადასვლა ბერძნული მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების მიერ უდიდეს ტრაგედიად არის მიჩნეული. კონსტანტინოპოლის დაცემამდე ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი მართლმადიდებლური ტაძარი.

მიუხედავად უამრავი ისტორიული ეპიზოდისა, აია-სოფიას ტაძარში შემორჩენილია წმინდა ხატები, რომლის ნაწილიც განადგურდა, თუმცა დიდი ნაწილი კვლავ თავისი პირვანდელი სახით არის წარმოდგენილი.

ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1935 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანების საფუძველზე მას სტატუსი შეუცვალეს და ის მუზეუმი გახდა. აია-სოფია დღემდე მუზეუმის ფუნქციას ასრულებს. 1985 წელს იუნესკომ იგი, ამ რაიონში განლაგებულ ისტორიული ღირებულების მქონე სხვა კომპლექსებთან ერთად, „მსოფლიო მემკვიდრეობის“ ნუსხაში შეიტანა.

ათასი წლის განმავლობაში აია-სოფია ქრისტიანთა ყველაზე დიდ ტაძარს წარმოადგენდა მსოფლიოში, სანამ რომში წმინდა პეტრეს ტაძარი აშენდებოდა. 2006 წელს აია-სოფიას მეჩეთში განახლდა მაჰმადიანური რელიგიური რიტუალების აღსრულება.

2020 წლის 10 ივლისს თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება და მისთვის მუზეუმის სტატუსის გაუქმება დასაშვებად ცნო. ამით მან ათათურქის 1934 წლის გადაწყვეტილება გააუქმა.[1] იმ დღესვე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების განკარგულებას ხელი მოაწერა.[2] ქრისტიანული გამოსახულებები თეთრმა ფარდებმა დაფარა.

2020 წლის 24 ივლისს აია-სოფიას ტაძარში პირველად, 76 წლის შემდეგ, ჩატარდა მუსმლიმთა ღვთისმსახურება, რასაც ფართო გამოძახილი მოჰყვა სრულიად საქრისტიანოსგან.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]