ავთო ვარაზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავთო ვარაზი
Avto Varazi.jpg
დაიბადა: 25 ოქტომბერი, 1926
თბილისი
გარდაიცვალა: 3 მარტი, 1977
თბილისი
ეროვნება: ქართველი
სფერო: ფერწერა, შერეული ტექნიკა
მომზადება: თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, არქიტექტურა, 1943-1948 წლები
ცნობილი ნამუშევრები: ხარის თავი, ბუკინისტი, ვიოლინო და გიტარა, თევზი აჟურულ ჩარჩოში
Avto Vartazi.jpg

ავთო (ავთანდილ) ვასილის ძე ვარაზი (ვარაზაშვილი) (დ. 25 ოქტომბერი, 1926, თბილისი ― გ. 3 მარტი, 1977, თბილისი) — ქართველი ფერმწერი. იგი ქართულ მხატვრობაში პირველი იყო, ვინც კოლაჟის ტექნიკა გამოიყენა.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

მშობლები: მამა – ვასილ სოფრომის ძე ვარაზი (ვარაზაშვილი), (1888)– პათფიზიოლოგი, ბიოქიმიკოსი, დოქტორი, თბილისი სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი, ბიოლოგიური ქიმიის კათედრის გამგე. 1938 წელს გერმანულ ჟურნალ “ექსპერიმენტალურ მედიცინაში” გამოქვეყნებული შრომების საფუძველზე ნობელის პრემიის კანდიდატი. დედა – ელისაბედ ვარაზი.

1943-1948 წლებში ავთო ვარაზი სწავლობდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1948 წელს ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტი გახდა.

შემოქმედება[რედაქტირება]

ავთო ვარაზის ტილოები მსოფლიოს მუზეუმებშია წარმოდგენილი, მაგრამ ზოგიერთი ნამუშევრის ბედი დღემდე უცნობია. ავთო ვარაზის ნამუშევრებიდან „ხარის თავი“ ნიუ-ორკის „მოდერნ არტის“ მუზეუმში ინახება, მეორე, კვლავ „ხარის თავის“ სახელწოდებით, თუმცა სინამდვილეში „კრავის თავს“ წარმოადგენს, აშშ-ის ზიმერლის ნონკომფორმისტულ მუზეუმში; მესამე, „ხარის თავი“ - ალექსანდრე გლეზერთან, პარიზში ხოლო „რვაფეხა“ კი კოსტაკისის კერძო კოლექციაში საბერძნეთში. მისი 15 ნამუშევარი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ასევე, ქუთაისის, ცაგერის, ამბროლაურის და სენაკის სახვითი ხელოვნების მუზეუმებში ინახება.

ავთო ვარაზი ქართული მხატვრობაში პირველი იყო ვინც კოლაჟის ტექნიკა გამოიყენა. მის შემოქმედებაში ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა რელიგიურ მოტივებს. ავთო ვარაზი,როგორც ფერმწერი,უმთავრესად პორტრეტისა და ნატურმორტის ჟანრში მუშაობდა.

ავთო ვარაზი წლების განმავლობაში მუშაობდა სამუზეუმო ექსპოზიციის გაფორმებაზე. მან მხატვრულ გაფორმებაში მთავარ მაორგანიზებელ ელემენტად ფერი აქცია, სადაც მნიშვნელოვანი ობიექტები ფერადოვანი აქცენტების მეშვეობით იყო გამოყოფილი: 1961 წელს ჯანაშიას მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილების გამოფენა, ფეოდალიზმის ეპოქის განყოფილების გამოფენა; რუსთაველისადმის მიძღვნილი გამოფენა სურათების გალერეაში; ლიტერატურული მუზეუმი; იოსებ გრიშაშვილის და გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმები. მხატვრულად გააფორმა აგრეთვე რეჟისორ გიორგი შენგელაიას კინოფილმი "ფიროსმანი" (სცენარის ავტორი – ერლომ ახვლედიანი), სადაც ფიროსმანის როლი მანვე შეასრულა (1969).

მხატვარი 1977 წელს მარტში გარდაიცვალა, ამავე წლის მაისში შედგა მისი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა. გარდაცვალების შემდეგ ნიუ-იორკის მოდერნ-არტ მუზეუმიდან მის ოჯახს მოუვიდა გამოფენაზე მოწვევა.

ნამუშევრების არქივები[რედაქტირება]

  • საქართველოს სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმი (თბილისი);
  • სურათების ეროვნული გალერეა (თბილისი);
  • ნიუ–იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი;
  • ზიმერლის ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-ჯერსი, აშშ,

ასევე კერძო კოლექციებში.

პერსონალური გამოფენა[რედაქტირება]

  • პირველი პერსონალური გამოფენა გარდაცვალების შემდეგ, თბილისი, საქართველო - 1977
  • შოთა რუსთაველის საზოგადოება, თბილისი, საქართველო - 1997
  • TBC გალერეა, თბილისი, საქართველო - 2011
  • ზურაბ წერეთელის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, თბილისი, საქართველო - 2013

მხატვრული ფილმი[რედაქტირება]

მხატვრის გამონათქვამები[რედაქტირება]

  • როცა ტილოს უჯდება, თავად არ იცის მხატვარმა, რა გამოვა მისი ნამუშევრისგან, რადგან მხატვარი მხოლოდ მუშაობის დროს ცხოვრობს.მთავარია ნახატი გესაუბრებოდეს და სუნთქავდეს. მართალია, ნახატის ბოლო ლურსმანია, რომელზდაც იგი უნდა ეკიდოს მუდმივად თუ დროებით, მაგრამ მხატვარს არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ იგივე ლურსმანზე მისი ცხოვრების ნაწილი ჰკიდია.
  • ჰგავდეს შენი მუშაობა ფრინველთა ფრენას. როგორც კი იფიქრებ, როგორ უნდა გააკეთო, აღარაფერი გამოვა.
  • ფერწერა უნდა იყოს სიცოცხლის დამამკვიდრებელი, ხოლო თუ დეკორატიულია, მაშინ სიხარულით სავსე – მანჭვის, ძალდატანების, აგიტაციის გარეშე.
  • არ მჯერა იმ ცუდად მოწყობილი სათბურებისა, სადაც უცოდინრობასა და დილეტანტებს დრესირებული მხატვრების ახალი სახეობის გამოყვანა უნდა.
  • რაც უფრო დიდია მხატვარი, მით უფრო მეტად “ტყუის” იგი ფერწერაში და გვაჯერებს.
  • ძველი ოსტატები “გვკარნახობენ”.
  • თავისი საქმის დიდოსტატი მისთვის უცხო სფეროში შეჭრის მცდელობის დროს გარდაისახება. გონებაჩლუნგად.
  • ნატურმორტის წერისას გახსოვდეს საგნებს შორის სივრცე, – ეს ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თვით საგანი.
  • ნუ დაიხმარ ნურავის ბუნების გარდა. ბოლომდე გამოხატე შენი დამოკიდებულება გარემოსადმი. ენდე შენ შინაგან გრძნობას. არავითარი ეჭვი და რიდი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 4, გვ. 297, თბ., 1979

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]