აეტიუს ანტიოქიელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აეტიუს ანტიოქიელი (დ. ? – გ. 365) — ანტიოქიელი თეოლოგი. მას მართლმადიდებლებმა მეტსახელად "ათეისტი" შეარქვეს. იგი, ევნომიუსთან ერთად იყო ანომოიანური მიმდინარეობის დამაარსებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

აეტიუსი დაიბადა სირიაში. წმინდა ბასილი დიდი წერდა, რომ იგი დაბადებიდან მონა იყო, რომელმაც გაქცევით მოიპოვა თავისუფლება. თუმცა IV საუკუნის ისტორიკოსი, ფილოსტორგიუსი ამ ფაქტს უარყოფს. მამის სიკვდილის შემდეგ აეტიუსმა მესპილენძედ დაიწყო მუშაობა, პარალელურად კი თეოლოგიისა და ფილოსოფიის შესწავლა დაიწყო პავლინესთან, ტვირის ეპისკოპოსთან და ათანასესთან, ანაზარბოსის ეპისკოპოსთან. ისინი არიოზის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მხარდამჭერები იყვნენ და ამიტომ მათთან მიღებული განათლება აეტიუსს ძალიან გამოადგა.

მოგვიანებით, ლეონტი ანტიოქიელმა აეტიუსი დიაკვნად აკურთხა, რითიც იგი ოფიციალურად ჩაერთო სამების დოგმატის შესახებ დავაში. ამ დროს მან გაიცნო ევნომიუსი და ერთად ჩამოაყალიბეს ანომოიანური მიმდინარეობა.

ამ პერიოდში აეტიუსი შეხვდა მანიქეანური სექტის ერთ-ერთ ლიდერს და ისე სასტიკად დაამარცხა დისკუსიაში, რომ დეპრესიაში ჩავარდნილი მალევე გარდაიცვალა.

ისტორიკოსი ფილოსტორგიუსი აღწერს საინტერესო მოვლენას, რომელიც წმინდა ფოტი დიდმა შემოგვინახა. 360 წელს, კონსტანტინოპოლის კრებაზე, როცა აეტიუსი ჯერ კიდევ დიაკვანი იყო, ანომოიანელმა ეპისკოპოსებმა თხოვეს მას დისკუსიაში ჩაბმულიყო. როგორც ჩანს აეტიუსმა დისკუსიაში გაიმარჯვა, თუმცა იმპერატორი ამან ძალიან გააბრაზა და მოფსუესტიაში გადაასახლა. გასაკვირი არაა თუ რატომ უწოდა წმინდა ბასილი დიდმა მას "ღვთის სიმართლის მტერთა ხელში არსებული ინსტრუმენტი".

იმპერატორმა იულიანე განდგომილმა აეტიუსი დააბრუნა რის მერეც ანომოიანელმა ეპისკოპოსებმა აეტიუსი ეპისკოპოსად აირჩიეს.

იგი 365 წელს გარდაიცვალა ქალაქ კონსტანტინოპოლში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ფილოსტორგიუსი, "ანომოიანელთა ისტორია", შემონახულია წმინდა ფოტი დიდის მიერ.
  • წმინდა ბასილი დიდი, "პირველი აპოლოგია ევნომიუსის წინააღმდეგ."