ადონისი (მითოლოგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
"ადონისი" - შიშველი რომაული ტორსი. აღდგენილია ფრანსუა დიუკესნოის მიერ. (პარიზი, ლუვრი)

ადონისი (ბერძ. Ἄδωνις -ιδος, δ) — ფინიკიელთა ბუნების ღვთაების ბერძნული სახელწოდება. მოკვდავი და კვლავ გაცოცხლებადი ბუნების განსახიერება. ადონისის კულტის ცენტრი აღმოსავლეთში იყო ქალაქი ჰებალი. ძვ. წ. V საუკუნეში ადონისის კულტი საბერძნეთში გადავიდა, ცოტა მოგვიანებით კი — რომშიც. ბერძნული მითების მიხედვით იგი მშვენიერი მირას, ანუ სმირნას ვაჟია და მისი მამის, კვიპროსის მეფის ვაჟია. ადონისი ბავშვობიდანვე არაჩვეულებრივი სილამაზით გამოირჩეოდა. იგი შეუყვარდა აფროდიტეს, მშობლებს წაართვა და აღსაზრდელად მისცა მიწისქვეშა სამყაროს მფლობელ პერსეფონეს. როდესაც ვაჟი გაიზარდა, პერსეფონეს ისე მოეწონა იგი, რომ აფროდიტეს უარი განუცხადა მის უკან დაბრუნებაზე. ქალღმერთთა დავა დიდხანს გაგრძელდა და საქმე ზევსამდეც კი მივიდა. ზევსმა დაადგინა, რომ ადონისს წელიწადის ერთი მესამედი პერსეფონესთან უნდა გაეტარებინა, ერთი მესამედი —აფროდიტესთან, დანარჩენი დრო კი — თავის ნებაზე. ამის შემდეგ მალე ადონისი ნადირობისას დაგლიჯა გარეულმა ტახმა. მისი სისხლის წვეთებისგან ვარდები აღმოცენდნენო, გადმოგვცემს ლეგენდა.

სხვა მითის მიხედვით, ქალღმერთთა დავა და ადონისის ქვეყნად დაბრუნება მოხდა მას შემდეგ, რაც იგი ტახმა დაგლიჯა. ზოგიერთი მითის მიხედვით ადონისმა თავის სილამაზის წყალობით შეძლო საყვარლად გაეხადა ევრინომე, რამაც ზევსის რისხვა გამოიწვია და ადონისი მოკლა. კიდევ სხვა მითის მიხედვით, ადონისი მოკლა არესმა, აფროდიტეზე ეჭვიანობის გამო.

ადონისის მითი ფართოდაა გავრცელებული სხვადასხვა რელიგიაში ბუნების მოკვდავი და კვლავ გაცოცხლებადი თვისების გამოხატვის სიმბოლოდ (მაგალითად, მითი ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შესახებ). ფინიკიასა და სირიაში ყოველწლიურად იხდიდნენ ადონისის დღესასწაულს, რომელშიც მხოლოდ ქალები მონაწილეობდნენ. საბერძნეთში ადონისის სახელზე აშენებდნენ ყვავილთა ბაღებს, ადონისისათვის საჩუქრად მიჰქონდათ საკუთარი თმა და სხვა.

ხელოვნებაში ადონისი გამოისახებოდა იშვიათი სილამაზის ყმაწვილად (ჩვეულებრივ, აფროდიტეს გვერდით), ზოგჯერ როგორც მკვდარი, ან მომაკვდავი. მითს აფროდიტესა და ადონისის შესახებ ხშირად იყენებდნენ ხოლმე ხელოვანნი (ტიციანი, ვერონეზე, რუბენსი და სხვა.).