აბრაამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აბრამი)
აბრაამი

დაიბადა არაუადრეს ძვ. წ. 2167 და არაუგვიანეს ძვ. წ. 1792
გარდაიცვალა არაუადრეს ძვ. წ. 2050 და არაუგვიანეს ძვ. წ. 1638
დასაფლავებულია პატრიარქების მღვიმე
ხსენების დღე 9 ოქტომბერი
მოღვაწეობა herder[1] , father of faith და წინასწარმეტყველი
ენა Canaanite
ეროვნება Hebrews
მეუღლე სარა[2] , Hagar[1] და Keturah[3]
შვილ(ებ)ი ისმაელი[4] , ისააკი[5] , Zimran[6] , Jokshan[6] , Medan[6] , Midian[6] , Ishbak[6] , Shuah[6] და Bakol
ნათესავ(ებ)ი სარა[7]

აბრაამი, აბრამი (ებრ. אַבְרָהָם, ავრაჰამ, არაბ. ابراهيم, იბრაჰიმ; დ. ძვ. წ. 1813, შუამდინარეთი — გ. ძვ. წ. 1638, ქანაანი, დასაფლავებულია პატრიარქების მღვიმეში) — ძველი სამყაროს პატრიარქი, მოხსენებული ძველ აღთქმასა და ყურანში. წმინდა მამამთავარი ებრაელებისთვის, ქრისტიანებისთვის და მაჰმადიანებისთვის. თავდაპირველად მისი სახელი იყო აბრამი. აბრაამი იყო თერახის (თარრა) მესამე ვაჟი. ნოეს შვილის - სემის შთამომავალი.

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბრაამი და მისი ოჯახი წარმოშობით იყვნენ ურიდან, ძველი შუმერული ქალაქიდან. შემდგომ აბრაამი გადასახლდა ჰარანში. შემდგომ, აბრაამი, მისი მეუღლე სარაი, ძმისშვილი ლოტი და ახლობლები გადასახლდნენ ქანაანში (გამ. 12). ღმერთმა აბრაამს აუწყა გადასახლებულიყო ახალ მიწაზე, სადაც ის მიიღებდა კურთხევას და დააფუძნებდა დიად ერს (აბრაამს იმ დროისთვის ჯერ კიდევ არ ჰყავდა შვილი). აბრაამმა ირწმუნა ღმერთის დაპირება და დაიწყო თავისი მოგზაურობა სამხრეთით, შეხემისკენ. ბეთელის და ჰაღაი (აი) შორის აბრაამმა ააგო საკურთხეველი.

აბრაამისტური რელიგიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბრაამისტულ რელიგიებში უპირველეს ყოვლისა განიხილება, საკუთრივ იუდაიზმი, ქრისტიანობა და შემდეგ ისლამი. ამას ადასტურებს უდიდესი იუდაურ ქრისტიანულ ისლამური ტრადიცია, სადაც ამ სემიტი პიროვნების მიმართ დიდი პატივია გამოხატული, იგი მოიხსენიება როგორც პირველი პატრიარქი, იუდაურ ტრადიციაში ღმერთი თავის სახელს აცხადებს როგორც, ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა, ყურანში როგორც აბრაამი ასევე სხვა ბიბლიური პირები ცხადად ჩანს, ყურანში იგი წინასწარმეტყველად მოიხსენიება, ისრამში იგი ითვლება პირველ მუსლიმად, მისი შვილი ისმაელი კი პირველ არაბად. არაბთა მამა რომელმაც დააარსა ქააბა მექაში. აბრაამია პირველი წმინდანი ისლამში. მუჰამედდმა მოახდინა რევიზია, ძველი რელიგიების: იუდაიზმის და ქრისტიანობის, მან იუდაურ ტადიციები განავითარა და გარდაქმნა ისლამში.

სარაი და ფარაონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოგვიანებით, შიმშილისგან თავის დასაღწევად აბრაამი ოჯახთან ერთად გადასახლდა ეგვიპტეში. ოჯახის უსაფრთხოებისთვის აბრაამმა თავისი ულამაზესი ცოლი სარაი ფილისტინების მეფე გერარს და ეგვიპტის ფარაონს გააცნო როგორც და. მიუხედავად ამისა, ფარაონმა სარაი თავის სამეფო ჰარამხანაში წაიყვანა. ამისთვის ღმერთმა ეგვიპტეს თავს დაატეხა საშინელი უბედურებები. აბრაამი და მისი ოჯახი შემდეგ აიში დაბრუნდნენ. უთანხმოების გამო ლოტი გამოეყო აბრაამს და დასახლდა მდინარე იორდანეს სამხრეთ ნაყოფიერ მიწაზე. აბრაამი კი გადასახლდა მემრეს მუხებთან, ჰებრონში, სადაც ღმერთის კვლავ გამოცხადების და დანაპირების დამოწმების შემდეგ საკურთხეველი ააშენა.

ქედორლაღომერი და მელქისედეკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამდენიმე წლის შემდეგ ლოტი ტყვედ აიყვანა ქედორლაღომერმა, რომელიც იმ დროს თავის მოკავშირეებთან ერთად სოდომის მეფეს ეომებოდა. აბრაამი და მისი საახლობლო დაედევნა მტერს და დაამარცხა დანთან, იორდანეს წყაროების მახლობლად. აბრაამმა ლოტთან ერთად დაიბრუნა წართმეული მიწები. უკანა გზაზე აბრაამმა გაიარა ქალაქი სალემი (სავარაუდოდ დღევანდელი იერუსალიმი) სადაც ქალაქის მეფემ და მღვდელმთავარმა მელქისედეკმა მას საზეიმო დახვედრა მოუწყო და პური და ღვინო მიაგება (ამ სიმბოლოს განმარტება ცხადია).

იშმაელის დაბადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღმერთი კვლავ გამოეცხადა აბრაამს და დაპირდა, რომ ის დაეუფლებოდა ქანაანის მიწებს და მისი შთამომავლობა იქნებოდა ვარსკვლავებივით მრავალრიცხოვანი. მაგრამ, რადგან სარაი ვერ ფეხმძიმდებოდა დანაპირების შესრულება შეუძლებელი სჩანდა. სარაიმ, თანახმად ჩვეულებისა აბრაამს ცოლად მისცა თავისი ხელქვეითი ჰაგარი, რომელიც მალე დაფეხმძიმდა. ამის შემდეგ სარაი დამცირდა ეგვიპტელი ჰაგარის თვალში, უფრო ამაყი გახდა და სარამ მიმართა აბრაამს და აუწყა ეს ყოველივე, აბრაამმა კი უთხრა: „შენი მხევალია და როგორც გინდა ისე მოექეცი“. ამის შემდეგ სარაი ფეხმძიმე ჰაგარის სხვანაირად მოეპყრო და აიძულა სახლიდან გაქცეულიყო. ღმერთმა ჰაგარს აღუთქვა, რომ მას მრავალი შთამომავალი ეყოლებოდა. ჰაგარს შეეძინა იშმაელი, რომელიც აბრაამის პირველი შვილი იყო.

აღთქმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

99 წლის ასაკში აბრამს უფალი გამოეცხადა და ახალი სახელი - აბრაამი უწოდა. სარაის კი – სარა. ღმერთმა აბრაამს კვლავ მისცა აღთქმა, რომ მას სწორედ სარასაგან ეყოლებოდა ვაჟი და ურიცხვი შთამომავლები, რამაც ძალიან გაახარა აბრაამი. ღმერთმა აბრაამს ასევე აღუთქვა, რომ იშმაელის შთამომავლობაც გამრავლდებოდა. აღთქმა აბრაამმა წინადაცვეთით დაამოწმა (დაბ. 17:11-14, ). იმავე დღეს აბრაამმა წინადაცვითა თავისი შვილი იშმაელი და თავისი სახლის მამაკაცები (წინდაცვეთის წესი დღემდე არსებობს ისრაელში და მუსლიმანურ ქვეყნებში). სარას კი სიცილს გვრიდა აღთქმული შვილის (ისააკის) გაჩენის შესაძლებლობა, რადგან უკვე ხანში იყო შესული. მიუხედავად ამისა, ღვთის ძლიერებით, სარას მაინც ეყოლა ვაჟი, რომელსაც დაარქვეს ისააკი, ანუ „აღთქმის შვილი“ (დაბ. 18:1-15, ).

სოდომი და გომორა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოდომის და გომორას მცხოვრებლების უმძიმესი ცოდვებისთვის ღვთის რისხვა დაატყდა თავს. აბრაამს უფლის სამი ანგელოზი გამოეცხადა, რომელთაც ამცნეს ღვთის განგება. აბრაამმა ანგელოზებს სთხოვა, რომ არ გაენადგურებინათ ქალაქები, თუ 50 მართალ ადამიანს მაინც იპოვნიდნენ. აბრაამმა ამდენი ადამიანი ვერ მოიძია და რიცხვი ათამდე დაიყვანა, თუმც ამაოდ – ქალაქში მხოლოდ 3 წესიერი ადამიანი აღმოჩნდა – ლოტი და მისი ორი ქალიშვილი. ღმერთის ნებით სამივე უვნებლად გავიდნენ ქალაქიდან, ხოლო სოდომი და გომორა სრულიად განადგურდნენ.

სარა და აბიმელექი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარას დაფეხმძიმების შემდეგ აბრაამმა დატოვა მამრე და წავიდა სამხრეთით ქ. გერარში, სადაც მეფობდა აბიმელექი. სარას წართმევის შიშით აბრაამმა ის აქაც თავის დად გამოაცხადა. აბიმელექმა სარა თავის სასახლეში წაიყვანა და მასზე დაქორწინებას აპირებდა, მაგრამ ღმერთმა საიდუმლო გაუმხილა. აბიმელექმა სარა უხვად დაასაჩუქრა და აბრაამთან დააბრუნა.

ბეერშება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცოტა ხნის შემდეგ აბრაამთან კავშირის დასადებად თვითონ აბიმელექი მივიდა. აბრაამა მას 7 კრავი აჩუქა იმის დასამოწმებლად, რომ ჭა, რომელიც მან გათხარა მისივე საკუთრებაში დარჩენილიყო. შეთანხმების აღსანიშნავად იმ ადგილს უწოდეს ბეერ-შება, ანუ „ფიცის ჭა“.

ისააკის მსხვერპლთშეწირვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისააკის შეწირვა, რემბრანდტი

უფალს უნდოდა გამოეცადა აბრაამის რწმენის ძალა და მას აღთქმული შვილის ისააკის შეწირვა მოსთხოვა მორიას მთაზე. აბრაამს მახვილი ჰქონდა აღმართული ისააკის დასაკლავად, როდესაც მას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და შეაჩერა (დაბ. 22:11-12). მის სანაცვლოდ უფალმა ვერძი გამოაჩინა ეკალ ბარდებში რქებით გახლართული და ის დაკლა აბრაამა ცხვარი და შესწირა უფალს. უფალმა კი აკურთხა აბრაამი: „კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განვამრავლო ნათესავი შენი, ვითარ-ცა ვარსკულავნი ცისანი და ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსკიდისაჲ. და დაიმკჳდროს ნათესავმან შენმან ქალაქები იგი მტერთა. და იკურთხეოდიან შენდა მომართ და ნათესავისა შენისა მომართ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, ამისთჳს რამეთუ ისმინე ჴმისა ჩემისა.“ (დაბ. 22:16-18).

სარას აღსასრული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარა 127 წლის ასაკში გარდაიცვალა. აბრაამმა ჰებრონში ხეთ ეფრონისგან გამოქვაბული იყიდა და იქ დაასაფლავა თავისი მეუღლე.

ისააკის და რებეკას ქორწილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბრაამს არ უნდოდა, რომ ქანაანელებთან დანათესავებულიყო და ისააკის საცოლეს შესარჩევად მსახური გაგზავნა ჩრდილოეთ მესოპოტამიაში. ხანგრძლივი მოგზაურობით დაღლილ მსახურს შემთხვევით გზად შეეგება ერთი კეთილშობილი ქალიშვილი, რომელიც აბრაამის შორეული ნათესავი აღმოჩნდა. ოჯახთა მოლაპარაკების შემდეგ რებეკა ცოლად გააყოლეს ისააკს (დაბ. 24:67).

აბრაამის უკანასკნელი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხნიერმა აბრაამმა ცოლად შეირთო კეტურა, რომელთანაც მას რამდენიმე ვაჟი შეეძინა, რომლებიც, შემდგომში, ისმაელის მსგავსად არაბ ტომთა მამამთავრები გახდნენ. აბრაამი გარდაიცვალა 175 წ. ასაკში. ისააკმა და ისმაილმა აბრაამი ჰებრონის გამქვაბულში, სარას გვერდით დაასაფლავეს.

აბრაამი ახალ აღთქმაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბრაამის წიაღი, XVII ს. ხატი

ახალ აღთქმაში აბრაამი, მოსესთან ერთად ყველაზე ხშირად არის მოხსენებული. მათე მახარებელი იესო ქრისტეს მოიხსენებს, როგორც „დავითის ძეს და აბრაამის ძეს“ (მათ.1.1). სახარებაში ნათლად არის გადმოცემული ქრისტეს ხორციელი გენეალოგია დედის მხრიდან ტრადიცია, სადაც ხაზგასმულია, რომ მისი წინაპარი სწორედ აბრაამია და მისი (ქრისტეს) შობა აბრაამთან დადებული აღთქმის („შენი თესლით იკურთხება ქვეყნის ყველა ტომი“) აღსრულებაა. ქრისტე ფარისევლებს ამხელს და ეუბნება, რომ ისინი მხოლოდ ხორციელად ენათესავებიან აბრაამს, ხოლო სულიერად მას უარყოფენ, რადგან არ იცავენ მცნებებს და არ აქვთ ისეთი რწმენა როგორიც აბრაამს ჰქონდა. განრისხებულ ფარისევლებს ქრისტე ეუბნება „სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვარ“, რითაც ამოწმებს თავის მარადიულ არსებობას. მართალი ხალხი, გარდაცვალების შემდეგ აბრაამის წიაღში განისვენებენ (ლუკ.16:22). მებაჟე ზაქესთან სტუმრად მისული ქრისტე ამბობს: „დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისაჲ ამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაჰამისი არს“ (ლუკ.19:9). თავის ეპისტოლეში წმ. პავლე მოციქული წერს, რომ აბრაამის მხოლოდ სისხლით ნათესავობა არაა საკმარისი და ვერ დაიხსნის ადამიანებს ღვთის რისხვისგან; მთავარია ღვთის რწმენა: „არა თუ შვილნი ჴორცთანი ესენი არიან შვილ ღმრთის, არამედ შვილნი იგი აღთქუმისანი შერაცხილ არიან ნათესავად“ (რომ.9:7-8). წმ. მოციქული იაკობი აბრაამის რწმენაზე მიგვითითებს და მოგვიწოდებს, რომ რწმენა საქმეს გარეშე მკვდარია: „ვითარცა ჴორცნი თჳნიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს.“ (იაკ.2:26). მართლმადიდებლური ეკლესია ძველაღთქმისეულ ფრაზაში „მამა მრავალთა თესლთა“ (დაბ.17:5) აბრაამს მოიაზრებს ყველა ქრისტიანი ერის, მართლმორწმუნეთა მამად. ლოცვებში უფალი მოიხსენება, როგორც „ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა“.

ხსენების დღე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მართლმადიდებლური ეკლესია აბრაამს წელიწადში 2 ჯერ მოიხსენებს: 22 ოქტომბერს [ძვ. სტ. 9 ოქტომბერი] და ქრისტეშობის კვირის წინა კვირას — მამამთავართა კვირას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 32.
  • On the religon of abraham, see Albrech Alt's Der Gott der Vater: Ein Beitrag zur Vongeschechte der Israelitischen Religion (Stuttgart, 1929), translated by R.A. Wilson as "The God of the Fathers," in Esssaus on Old testament Hilstory and Religion (Oxford, 1966),pp 1–77; and Frank Moore Cross's Canaanite Myth and Hibrew Epic: Essays in the History of the Religon id Israel (Cambridge, Mass, 1073),pp 3–75

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 http://www.santiebeati.it/dettaglio/73750
  2. 29 // Genesis, בְּרֵאשִׁית, Första Moseboken
  3. 1 // Genesis, בְּרֵאשִׁית, Första Moseboken
  4. 15 // Genesis, בְּרֵאשִׁית, Första Moseboken
  5. 3 // Genesis, בְּרֵאשִׁית, Första Moseboken
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 2 // Genesis, בְּרֵאשִׁית, Första Moseboken
  7. Genesis 20