აბიბოს ნეკრესელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბიბოს ნეკრესელი
დაიბადა VI საუკუნის II ნახევარი
ხსენების დღე

აბიბოს ნეკრესელი - საეკლესიო მოღვაწე, ერთი ასურელი მამათგანი. საქართველოში მოვიდა სირიიდან VI საუკუნის II ნახევარში. თავდაპირველად მოღვაწეობდა ზედაზნის მონასტერში, შემდეგ განაგებდა ნეკრესის საეპისკოპოსო კათედრას. ეწეოდა ფართო მისიონერულ მოღვაწეობას: გააქრისტიანა არაგვისპირის მთიელი კახელები. ებრძოდა ირანის ოფიციალური რელიგიის (ცეცხლთაყვანისმცემლობა) გავლენას. მოსპო ნეკრესის ტაძრის მახლობლად სპარსთა საგზებელი, რისთვისაც VI დამლევს მარზპანის ბრძანებით ჩაქოლეს. დასაფლავებულია სამთავროში (მცხეთა).

ცეცხლთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ იდეურ ბრძოლაში ემყარებოდა ანტიკურ ფილოსოფიას, კერძოდ, ოთხი ელემენტის თეორიას, რომლის თანახმად, სამყარო წარმოიქმნა ცეცხლის, წყლის, მიწისა და ჰაერისაგან. ეს თეორია აბიბოს ნეკრესელის შეხედულებებში შერწყმულია ქრისტიანულ წარმოდგენაზე ღმერთზე, როგოც შემოქმედზე. აბიბოს ნეკრესელის შეხედულებები ანტიკური ფილოსოფიის და ქრისტიანული მოძღვრების შეერთების ცდაა.

ცნობები აბიბოს ნეკრესელის შესახებ ჩართულია სხვა ასურელი მამების ცხოვრების ტექსტებში. ცალკე თხზულებას აბიბოს ნეკრესელზე, რომელიც შედგენილი ყოფილა VI-VII საუკუნეებში, ჩვენამდე არ მოუღწევია. შემორჩენილია ქართლის კათოლიკოს არსენ I დიდის მიერ ამ თხზულების საფუძველზე შედგენილი აბიბოს ნეკრესელის „ცხოვრების“ ტექსტი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, ილ. აბულაძის გამოც. თბ., 1955;
  • კეკელიძე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1956;
  • ნუცუბიძე შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. 1, თბ., 1956;
  • ლომინაძე ბ., ხიდაშელი შ., ქსე, ტ. 1, გვ. 28, თბ., 1975