აბაი კუნანბაევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბაი კუნანბაევი
ყაზახ. Абай Құнанбайұлы
დაბადების თარიღი 29 ივლისი (10 აგვისტო), 1845[1] ან 10 აგვისტო, 1845(1845-08-10)[2]
დაბადების ადგილი ჯიდებაი
გარდაცვალების თარიღი 23 ივნისი (6 ივლისი), 1904[1] (58 წლის) ან 6 ივლისი, 1904(1904-07-06)[2] (58 წლის)
გარდაცვალების ადგილი ჯიდებაი
დასაფლავებულია Mausoleum of Abai Qunanbaiuly
საქმიანობა ენათმეცნიერი, პოეტი, მთარგმნელი, კომპოზიტორი, საზოგადო მოღვაწე, მწერალი და ფილოსოფოსი[3]
ენა ყაზახური ენა
ეროვნება ყაზახები[4] [5]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
მეუღლე Dilda Alshinbayovna
შვილ(ებ)ი Turagul Abaiuli, Akylbai Abayuly Kunanbaev, Raikhan Abayovna, Kulbadan Abayovna, Abdirakhman Uskenbaev და Magauiya Abayuly Kunanbaev

აბაი კუნანბაევი (ყაზახ. Абай Құнанбайұлы ; დ. 10 (22) აგვისტო1845, ჩინგიზთაუ, ახლანდელი სოფ. კარაული, აბაის რაიონი, სემიპალატინსკის ოლქი, ყაზახეთი — გ. 23 ივნისი (6 ივლისი), 1904, იქვე) — ყაზახი პოეტი-განმანათლებელი; ახალი, დამწერლობიანი ყაზახური ლიტერატურის ფუძემდებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა მდიდარი ფეოდალის ოჯახში. სწავლობდა სემიპალატინსკის მედრესეში, მაგრამ სასულიერო სწავლებამ ვერ დააკმაყოფილა, გაიტაცა აღმოსავლეთის კლასიკურმა ლიტერატურამ, დაუახლოვდა გადასახლებაში მყოფ რუს დემოკრატებს, შეისწავლა რუსული ენა და გაეცნო რუს კლასიკოსთა შემოქმედებას. აბაი კუნანბაევმა მიატოვა მამის ოჯახი და თავისი ხალხის სამსახური იტვირთა, გახდა სათემო მმართველი, შემდეგ კი სახელი გაითქვა როგორც პოეტმა. მისი აული ყაზახთა კულტურის ცენტრად იქცა. აბაი კუნანბაევმა ყაზახურ პოეზიაში უჩვეულო თემატიკა შეიტანა, ასახა უბრალო ხალხის მძიმე ხვედრი და მჩაგვრელთა წინააღმდეგ გაილაშქრა. სატირულ ლექსებში ამხილა მეფის რუსეთის ჩინოვნიკები და მათი ადგილობრივი დამქაშები. რამდენადაც ულმობელი და მწვავე იყო აბაი კუნანბაევის სატირა, იმდენად თბილი და ნაზი — მისი ლირიკა. პოეტი ცოცხლად ხატავდა აულის ყოფით სურათებს (ლექსების ციკლი „წელიწადის ოთხი დრო“, 1886-1890), უმღეროდა ბუნებას, სიყვარულს; ერის უზენაეს ბედნიერებად „გონებით გაცისკროვნებული შრომა“ მიაჩნდა. აბაი კუნანბაევი ავტორია რამდენიმე ეპიკური თხზულებისა („მასღუდი“, 1887; „ისქანდერი“, „აზიმის თქმულება“). თარგმნა ადგილები „შაჰნამედან“, „ლეილი და მაჯნუნი“, კრილოვისა და ლერმონტოვის ნაწარმოებები, ნაწყვეტები პუშკინის „ევგენი ონეგინიდან“, ყაზახურ პოეზიაში შემოიღო ლექსის რამდენიმე ახალი საზომი და ფორმა (სტროფული).

აბაი კუნანბაევის შემოქმედება, რომლის სათავეც მშობლიური ფოლკლორი იყო, ხალხმა ისე შეისისხლხორცა, რომ მისი ნაწარმოებები ზეპირად იცოდა და ხელნაწერებად ავრცელებდა. მისი თხზულებები მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების დროს შეიკრიბა და გამოიცა. აბაი კუნანბაევის ცხოვრების შესახებ რომანი დაწერა ყაზახმა მწერალმა მუხთარ აუეზოვმა.

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბაის სახელი ეწოდა ქალაქებს, სოფლებს, რაიონებსა და ქუჩებს. პოეტის სახელი მიენიჭა ალმათში სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრს, ეროვნულ პედაგოგიურ უნივერსიტეტს; აქთაუში კულტურულ-დასასვენებელ კომპლექსს. 2023 წლის მონაცემებით, ყაზახეთში მისი სახელობის 99 სკოლაა. სხვადასხვა ქალაქებში გახსნილია აბაის ძეგლები და მუზეუმები. სსრკ-ში და შემდეგ დამოუკიდებელ ყაზახეთში რამდენიმეჯერ გამოიცა საფოსტო მარკა აბაის გამოსახულებით. პოეტი გამოსახულია ყაზახეთის ეროვნული ბანკის ბანკნოტაზე.

1995 წელი იუნესკოს მიერ გამოცხადდა აბაის წლად.

2014 წელს პეკინში ერთ-ერთ პარკში გაიხსნა აბაის ძეგლი.

2022 წლის 29 აპრილს აბაის ძეგლი გაისხნა თბილისში, ყაზახეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით. პოეტი-განმანათლებლის ძეგლი ორი ხალხის მეგობრობის სიმბოლოს განსახიერება იქნება.[6]

2022 წლის 26 მაისს აბაის ძეგლი გაიხსნა ბიშკეკში და მიეძღვნა ყაზახეთსა და ყირგიზეთს შორის მეგობრულ დამოკიდებულებას.

2022 წლის 2 ივნისს პოეტის ბიუსტი გაიხსნა ნიუ-დელიში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]